ახალი ამბები

თბილისის იუსტიციის სახლის ეზოს ნაწილში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება იზღუდება

25 აგვისტო, 2015 •
თბილისის იუსტიციის სახლის ეზოს ნაწილში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება იზღუდება

“დაზიანების აღმოჩენისთანავე (2015 წლის 16 აგვისტო) იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობამ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა, მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა ორ კერძო კომპანიას ალტერნატიული მოსაზრებისათვის (2015 წლის 17-21 აგვისტოს) და ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (2015 წლის 21 აგვისტოს).


ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და ორივე კერძო კომპანიის დასკვნის თანახმად, გაჩენილია ბზარები, დაბერილია სამშენებლო მასალა, პეტალში ჩადის წყალი. დასკვნების თანახმად, აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო სამუშაოების დროს დაშვებულ დარღვევებს და ხარვეზებს უკავშირდება. დარღვეულია კარკასის პროფილებს შორის აუცილებელი მანძილი (მეტია სტანდარტულზე), ზედმეტად არის დაშორებული ერთმანეთისგან ხრახნები და ა.შ. სამშენებლო მასალის დაბერვის მიზეზი კი მასალის შემადგენლობაა. ამ და სხვა ხარვეზების შედეგად, გადახურვის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ იმას, რომელიც ეზოს მხარესაა გადმოშვებული, ბზარები გაუჩნდა.


სპეციალისტების რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ამ პეტალზე დროულად უნდა დაიწყოს, რადგან პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა შენობის გარე პერიმეტრზე საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეთა ჯანმრთელობას.


ექსპერტების რეკომენდაციით, ეს პერიმეტრი უნდა გადაიკეტოს და შეიზღუდოს მასზე მიმოსვლა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მეცხრე პეტალზე 25 აგვისტოდან უკვე დაიწყება. ამასთან, დღეიდან შეიზღუდება დაზიანებული ნაწილის ქვეშ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა”, – ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესში დაშვებული არსებითი ხარვეზების გამო თბილისის იუსტიციის სახლის სახურავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე არაერთხელ განხორციელდა.


“2013 წლის დეკემბერში, სახურავის ერთი ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო შენობა რამდენიმე თვით დაიხურა. დაზიანებების აღმოფხვრის პარალელურად, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში დაქირავებული ალპინისტების მიერ თვეების მანძილზე გროვდებოდა სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც მშენებლობის სწრაფად დასრულების გამო შიგნით იქნა ჩატოვებული. შესაბამისად, რამდენიმე ტონა სამშენებლო ნარჩენი იქნა გატანილი და კონსტრუქცია ამით შემსუბუქდა (2014 წლის სექტემბრს-ოქტომბერში). 2014 წელს (2014 წლის იანვრიდან 7 აპრილის ჩათვლით) სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა იუსტიციის სახლის სახურავის მე-7 პეტალზე; ნაკლებად მძიმე ხარვეზების აღმოსაფხვრელად დღესაც მუშაობენ შემდუღებლები სახურავის თერთმეტივე პეტალის რამდენიმე ათას ნაკლოვან კვანძზე. ეს სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მათი ღირებულება 1 100.000 ლარს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს გამოვლენილი და დადასტურებული სერიოზული და განსაკუთრებით სერიოზული ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული გზების ძიება და პროექტების შემუშავება”.

 

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ერთ-ერთ პეტალს ბზარი გაუჩნდათბილისის იუსტიციის სახლის გადახურვა გადაუდებელ სარემო…

Posted by Public Service Hall / იუსტიციის სახლი on Tuesday, August 25, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი