ახალი ამბები

COVID-19-ის ტესტირების ფასს სახელმწიფო დაადგენს – გამყრელიძე

20 მარტი, 2020 • 1183
COVID-19-ის ტესტირების ფასს სახელმწიფო დაადგენს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ კორონავირუსზე ტესტის ფასი განისაზღვროს.

გამყრელიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ თავად არ ემხრობა ტესტების კომერციალიზაციას, ვინაიდან სახეზეა გლობალური გამოწვევა.

„საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა (80%) არის კერძო და მათ აქვთ საკმაოდ კარგი ლაბორატორიები, სადაც შეუძლიათ კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება, იქნება ეს პი-სი-არ ტექნოლოგიაზე დამყარებული თუ სხვა,

დღეს პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ უნდა განისაზღვროს ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს იმიტომ, რომ ხაზს ვუსვამ – ეპიდემიების დროს ტესტირების კომერციალიზაცია არ ხდება და დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიო პანდემია“, – განმარტავს გამყრელიძე.

ის ამბობს, რომ ასეთ დროს სახელმწიფო ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, რათა ადამიანებისთვის ტესტირება ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს.

“მე არ დავუჭერდი ამის გაკეთებას კომერციალიზაციის მიზნით იმიტომ, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ამას ჩვენ ერთად ვებრძვით და – არა მოგების მიზნით“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში [16:00 საათის მონაცემებით] იმყოფება 1 925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

მასალების გადაბეჭდვის წესი