„ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც ვიღებთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის წმინდა საბიუჯეტო დახმარება. წლის ბოლომდე ველოდებით კიდევ 110 მილიონ დოლარს. წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მლნ დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცედენტოდ თანაბარი წლის განმავლობაში. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და მინდა გავიზიარო მოსაზრება, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. დღემდე ხაზინაში დავაგროვეთ 300 მილიონ ლარზე მეტი, გვაქვს 700 მლნ ლარზე მეტი დეპოზიტები და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავლები გვექნება, რომელსაც არ დავხარჯავთ, ანუ ბაზარს არ დავაწვებით ამ მიმართულებითაც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 25 აგვისტოსთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.3640 ლარი ღირს. ოფიციალური კურსით, 22 აგვისტოს ერთი დოლარის ფასი 2.3336 ლარს შეადგენდა. ცვლილება 0.0304 ერთეულით განხორციელდა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ბანკის კურსით, 22 აგვისტოსთან შედარებით ცვლილებამ 0.0820 ერთეული შეადგინა და 1 ევრო უკვე 2.7162 ლარი ღირს. საქართველოს კომერციულ ბანკებში დღეს 1 აშშ დოლარი 2.4 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, მისი ფასი 2.77–დან 2.78 ლარამდე მერყეობს.





