„ქვეყნიდან, ჯამში, გავიდა 332 მილიონი დოლარით ნაკლები. ფულადი გზავნილების შემცირება იყო მხოლოდ 202 მლნ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ზუსტდება. პრივატიზაციიდან შემოსულია 110 მილიონი ლარის ექვივალენტი დოლარში. ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან და სპეკულაციურ ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებენ, საბოლოო ჯამში, წაგებული დარჩებიან. სექტემბრის ბოლო და ოქტომბერი იქნება დოლარში და ლარში სესხების გადახდის პერიოდი. ჩვენ მთლიანად გვაქვს დათვლილი ფულის მიმოქცევის სქემები, სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არსებული სადოლარე ნაშთები, რომლებიც თანდათან გამოვა ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად გავიარეთ ფულის მიმოქცევა უახლოეს დღეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ხდებოდა გუშინ, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 25 აგვისტოსთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.3640 ლარი ღირს. ოფიციალური კურსით, 22 აგვისტოს ერთი დოლარის ფასი 2.3336 ლარს შეადგენდა. ცვლილება 0.0304 ერთეულით განხორციელდა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ბანკის კურსით, 22 აგვისტოსთან შედარებით ცვლილებამ 0.0820 ერთეული შეადგინა და 1 ევრო უკვე 2.7162 ლარი ღირს. საქართველოს კომერციულ ბანკებში დღეს 1 აშშ დოლარი 2.4 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, მისი ფასი 2.77–დან 2.78 ლარამდე მერყეობს.