ახალი ამბები

₾50 მლრდ: მშპ 2019 წელს 5.1%-ით გაიზარდა — საქსტატი

20 მარტი, 2020 • 1499
₾50 მლრდ: მშპ 2019 წელს 5.1%-ით გაიზარდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.1% იყო და საქართველოს ეკონომიკამ 50 მილიარდი ლარი შეადგინა.

20 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 50 002.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

როგორც საქსტატი წერს, მშპ-ის რეალური ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება დეფლატორს [ფასების ინდექსს, რომელიც გამოშვებული საქონლის ღირებულების ფარდობას წარმოადგენს საბაზისო წლის ფასებში გამოსახულ ღირებულებასთან] — დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6.6%-ით განისაზღვრა.

წყარო: საქსტატი

მშპ-მა მიმდინარე ფასებში 50 მილიარდი ლარი შეადგინა($17.7 მილიარდი), ერთ სულ მოსახლეზე — 13 428 ლარი ($4 763);

ყველაზე დიდი მოცულობის ვაჭრობის სექტორია [საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლეტების რემონტი] — 6 243.1 მლრდ, რაც მთელი ეკონომიკის 14.4%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები — 11.5%-ით (5 მლრდ), შემდეგ- დამამუშავებელი მრეწველობა (10.1%),  მშენებლობები (8.6%), სოფლის მეურნეობა (7.2%) და ა.შ.

წყარო: საქსტატი

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6 პროცენტი), განათლება (8.8 პროცენტი).

კლება აღინიშნა სახელმწიფო მმართველობასა და თავდაცვაში; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სექტორში (-2.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (-2.1 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი