შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 14 პირი იძულების წესით კარანტინში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობითვე, ამ დროისთვის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო კარანტინში, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი.
“ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 19 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 14 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონებიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი”, – აცხადებენ უწყებაში.
დღეს, 20 მარტს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 დადასტურებული შემთხვევაა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1 575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.
COVID -19 დადასტურებული შემთხვევების ოდენობა გაზრდილია მსოფლიოშიც. ამ დროისთვის ინფექციის 244 523 შემთხვევაა დაფიქსირებული მსოფლიოს 160 ქვეყანაში. ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში დადასტურდა, კერძოდ კი – 81 199 ადამიანი, მეორე ადგილზე იტალიაა – 41 035 შემთხვევით.