საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, შეჩერდეს იმ ნორმატიული აქტების მოქმედება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას განსაზღვრავს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა 2019 წლის პირველ ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
2020 წლის 17 მარტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის თანამდებობაზე წარმოქმნილ ვაკანსიაზე კანდიდატთა შერჩევის პროცედურა დაიწყო.
საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ ამ პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა შეიცავს კანდიდატების შერჩევის პროცესის თვითნებურად წარმართვისა და მონაწილე კანდიდატთა კონსტიტუციური უფლების შეუქცევადი დარღვევის საკმაოდ მაღალ საფრთხეს.
„აღნიშნული რისკების შესახებ ასევე მითითებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არაერთ დოკუმენტში. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია სადავო ნორმების შეჩერება, რაც ავტომატურად მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გააჩერებს.
სწორედ აღნიშნულის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება და მიმართა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმატიული აქტების შეჩერების მოთხოვნით. იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად იმსჯელებს აღნიშნული საკითხის თაობაზე“, – ამბობს ომბუდსმენი.