უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია) ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლის მიმართ კონტროლი გამკაცრდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან წამოვიდა, საქართველოს მთავრობის 164-ე განკარგულების შესაბამისად, ექვემდებარება შემდეგ ღონისძიებებს:
- საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სავალდებულო გაცილებას ანუ ის ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია გადაადგილდეს გაცილებით დანიშნულების საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე.
რაც შეეხება იმპორტს, ახალი კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს). უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:
- საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;
- სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;
- ან განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება.
უწყების ინფორმაციით, თუ ვერ განხორციელდება მძღოლის სხვა პირით ჩანაცვლება, სატრანსპორტო საშუალება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილება გაცილებით და საქონელი გადაიტვირთება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში.
ასევე, სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან მომავალი მძღოლის მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურები (დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრება, სკრინინგი-ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, მათ შორის თერმოსკრინინგი და ა.შ. ეპიდემიოლოგის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, თუ მძღოლს გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურა ან/და სხვა საეჭვო სიმპტომები, ამ შემთხვევაში მძღოლი ბრუნდება უკან. თუ საქართველოს მოქალაქეა, მძღოლი შემდგომი გამოკვლევის მიზნით ექვემდებარება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. მძღოლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია გადაადგილდებიან შეუფერხებლად.