ახალი ამბები

საქსტატი: საგარეო ვაჭრობა 2015 წლის პირველ 7 თვეში 14%-ით შემცირდა

21 აგვისტო, 2015 • • 2414
საქსტატი: საგარეო ვაჭრობა 2015 წლის პირველ 7 თვეში 14%-ით შემცირდა

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი- 4305 მლნ. აშშ დოლარს (11 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

 

2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1724 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 340 მლნ. აშშ დოლარი იყო (0,4 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი -1383 მლნ. აშშ დოლარი (3 პროცენტით მეტი).

 

საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2010-2015 წლების იანვარ-ივლისში.
საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2010-2015 წლების იანვარ-ივლისში.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში- 32 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში 32 პროცენტი).

 

საქსტატის გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ივლისში 1557 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 492 მლნ. აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1065 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით ნაკლები).

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში- 39 პროცენტი და იმპორტში- 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 31, 53 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში 8 პროცენტი).

 

10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2015 წლის იანვარ-ივლისში.
10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2015 წლის იანვარ-ივლისში.

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 38 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (870 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (468 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (421 მლნ. აშშ დოლარი).

 

აღნიშნულ პერიოდში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 149 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 130 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10% უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 110 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9% შეადგინა.

 

რაც ჩეეხება საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს, აქ პირველი ადგილი სამკურნალო საშუალებებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 406 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9% შეადგინა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფმა 371 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9% იყო. მესამე ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 280 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7%).

მასალების გადაბეჭდვის წესი