ახალი ამბები

დარჩით სახლში – კალაძის პასუხი ავტობუსების დამატების კითხვაზე

18 მარტი, 2020 • 1183
დარჩით სახლში – კალაძის პასუხი ავტობუსების დამატების კითხვაზე

კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვაზე –  დაამატებს თუ არა უწყება ავტობუსებს, მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ.

დღეიდან, ანუ 18 მარტიდან, ქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. შესაბამისად, მოქალაქეთა ნაწილი, მათ შორის სოციალურ ქსელში, ამბობს, რომ ავტობუსები და მეტრო გადაჭედილია. ეს უკანასკნელი კი, მათი თქმით, ვირუსის გადადების რისკს ზრდის.

კალაძეს დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ავტობუსების დამატების გადაწყვეტილების მიღებას, რაზეც ის პასუხობს:

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე: დღეს ჩვენ ავტობუსების ნაკლებობა, საწვავის პრობლემა არ გვაქვს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება ხდება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მარტო ხელისუფლება ამ ბრძოლაში ვერ იქნება წარმატებული.

მნიშვნელოვანია ერთობა, როდესაც ჩვენ გთხოვეთ მხარდაჭერა მედიას – ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსბობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე – დარჩით სახლში

თქვენ [მედია] უნდა დაგვეხმაროთ, რომ მოსახლეობას ხმა მივაწვდინოთ. ავტობუსების და ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაზრდის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მთავარია, უსაფრთხოებისთვის ხალხი დარჩეს სახლში და თავი შევიკავოთ ქუჩაში გამოსვლისგან და ასევე მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან“, – ამბობს კალაძე.

საქართველოში 18 მარტის დილის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი COVID-19, ჯამში, 38 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 1 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 200-ზე მეტი.

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მათი აკრძალვის გადაწყვეტილება მთავრობამ 17 მარტს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი