ახალი ამბები

არასწორია, თითქოს ბავშვებს COVID 19 არ ემართებათ – იმნაძე

18 მარტი, 2020 • 1475
არასწორია, თითქოს ბავშვებს COVID 19 არ ემართებათ – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ბავშვებს COVID 19 მსუბუქად გადააქვთ. თუმცა ის ინფორმაცია, თითქოს მათ ვირუსი საერთოდ არ ემართებათ – არასწორია.

იმნაძეს დღეს ჟურნალისტებმა იმ 4 არასრულწლოვანზე ჰკითხეს, რომლებსაც კორონავირუსით დაინფიცირება რამდენიმეა დღეა, რაც დაუდასტურდათ. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.

„არასწორია იმის თქმა, თითქოს ბავშვებს ვირუსი არ ეკარებათ. სტატისტიკაზე კი საუბარი მაშინ, როდესაც ქვეყანაში ორმოცი შემთხვევაც კი არაა დაფიქსირებული – ჯერ არასერიოზულია. როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა პირველადი სტატისტიკა, მაშინ ქვეყანაში 75 000 შემთხვევა დასტურდებოდა. აი, მაშინ შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა..

ჯერჯერობით ბავშვები ისევ რჩებიან, საბედნიეროდ, დაბალი რისკის მქონე პირებად, როგორც დაავადების მიმღბელობასთან დაკავშირებით, ასევე, დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით. თუმცა ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით.

რადგან მათ თვითონ ძალიან მსუბუქად გადააქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი წყარო გავრცელების, იგივე ბაბუებისა და ბებიასათვის“, – ამბობს იმნაძე.

საქართველოში 18 მარტის დილის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი COVID-19, ჯამში, 38 ადამიანს უდასტურდება. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1 130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81. აქედან ერთი პაციენტი, რომელიც COVID-19-სგან განიკურნა, ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი