ახალი ამბები

1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა სექტემბრამდე გახანგრძლივდა

17 მარტი, 2020 • 10538
1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა სექტემბრამდე გახანგრძლივდა

როგორც შემოსავლების სამსახური აცხადებს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი  ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც  ვერ შეძლებენ  2020  წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი  ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ  ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, შეღავათი შეეხება დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ავტომობილს პირადი მიზნებისთვის ჩამოიყვანთ, რეექსპორტისთვის თუ ადგილზე გასაყიდად, შეღავათით ყველა ისარგებლებს.

[red_box]დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემოსავლების სამსახურს 09:00-დან 18:00 საათამდე ტელეფონის ნომერზე (032) 2 299 299[/red_box]

ფოტოზე: რუსთავის ავტობაზრობა.


17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევაა რეგისტრირებული. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი