ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსთანაც მნიშვნელოვნად მიაჩნია

18 აგვისტო, 2015 •
სომხეთს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსთანაც მნიშვნელოვნად მიაჩნია

სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას მოწვევით 16-19 აგვისტოს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

 

“მოგეხსენებათ, ორივე ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. შესაბამისად, ეს სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მოგეხსენებათ, ჩვენ ევროპასთან ასოცირების ნაწილში გვაქვს ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ასევე გვაქვს სომხეთთან. სომხეთი გახლავთ ევრაზიული კავშირის წევრი და, მინდა გითხრათ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო პერსპექტივები დაისახოს ამ მიმართულებით და განვითარდეს თანამშრომლობა”, – აცხადებს ოთარ დანელია.

 

ვიზიტის ფარგლებში, 17 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.

 

მინისტრებმა პომიდვრისა და მარწყვის სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობები და ვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს.

 

გარდა ამისა, მინისტრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დახურული ტიპის ზუთხის საწარმო შპს ,,იხტიოსი“ დაათვალიერეს.

 

დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი კახეთის რეგიონსაც ესტუმრებიან.

 

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ოთარ დანელია კოლეგას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,მექანიზატორის“ სერვისცენტრის მუშაობის პროცესს გააცნობს და მესაქონლეობის ფერმას შპს ,,ყვარლის ბაგას“ და ღვინის მწარმოებელ საწარმოს ,,ქინძმარაულის მარანს“ დაათვალიერებენ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი