ახალი ამბები

რუსეთში დღეს კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 მარტი, 2020 • 1818
რუსეთში დღეს კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით — Covid-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 93-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ რუსეთის ვიცე-პრემიერზე — ტატიანა გოლიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამგვარად, დღეს,  2020 წლის 16 მარტს, რუსეთში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც „რია“ წერს, შემთხვევების დიდი ნაწილი — 86 საზღვარგარეთიდანაა შეტანილი, ხოლო 7 შემთხვევაში მოხდა შიდა გადაცემა.

გოლიკოვას თქმით, ოთხი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 79 კი მკურნალობას განაგრძობს.

გოლიკოვა აგრეთვე აღნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა უმრავლესობას დაავადება უსიმპტომოდ და სუსტად უვითარდება, ორი კი საშუალო სიმძიმისაა.

რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა ამჟამად შეჩერებულია.


მსოფლიოში Covid-19-ით ინფიცირების სტატისტიკა, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ 15 მარტის მონაცემებით შემდეგია:

  • 153 517 დაავადების შემთხვევა;
  • 5375 გარდაცვალების შემთხვევა;

საქართველოში დაავადების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 დაავადებული უკვე გამოჯანმრთელდა, ლეტალური შემთხვევები კი არ ყოფილა.

კორონავირუსთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

მასალების გადაბეჭდვის წესი