ახალი ამბები

ციხეებში ახლად გადმოყვანილი ბრალდებულები კარანტინს გადიან – პენიტენციური სამსახური

16 მარტი, 2020 • 894
ციხეებში ახლად გადმოყვანილი ბრალდებულები კარანტინს გადიან – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ერთი კვირაა, სპეციალურ ზომებს იღებენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. კერძოდ:

ე.წ. მიმღებ ციხეებში — იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ახალი ბრალდებულების მიღება ხდება — ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობის გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება. ასეთი დაწესებულები, უწყების ცნობით, არის N5-ქალთა, N8 – გლდანის საპატიმრო და N2 – ქუთაისის საპატიმრო.

„თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან, არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვთ, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს“, – წერია 16 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, თუკი ბრალდებულს რაიმე საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ასეთ ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება და შემდგომი დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ.

„ამ ეტაპზე, საეჭვო სიმპტომების მქონე ბრალდებულების რაოდენობა, ვინც საპატიმროში არ იქნა დაშვებული, არის 9. მათგან ყველაზე საეჭვოს უკვე ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, – წერს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

ეს ღონისძიებები მთავრობის უწყებათშორისი საკოორდონაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი