“მისასალმებელია ასეთი გახსნილობა. ახალგაზრდები არ ფიქრობენ, რომ ამით რაღაც ცუდს აკეთებენ. მათი საქციელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებს, რომელიც აფხაზეთში ძალიან მძაფრად ვლინდება კოლექტიურ ქცევებზე. გასაგებია, რომ ძალიან ბევრს ექნებოდა ამ ახალგაზრდებთან ერთად თბილისში ჩასვლის სურვილი, მაგრამ მოსალოდნელი საზოგადოებრივი “ობსტრუქცია” მათ აიძულებდა ცნობიერიდან ძალიან შორს მოესროლათ ეს აზრები. ის, რომ ახალგაზრდების თუნდაც მცირე ჯგუფმა ეს გააკეთა, სრულიად ახალი ტრენდია აფხაზეთის საზოგადოებაში და ამ საკითხის გაანალიზებაა საჭირო.
თუ საქართველოსთან რაიმე კომუნიკაციის აუცილებლობა დგება, ყველაფერი ხდება ჩუმად, ყოველშემთხევაში, სოციალურ ქსელებში მთაწმინდიდან საღამოს თბილისის პანორამის პოზიტიური ემოციებით სავსე ფოტოების გამოფენის გარეშე. უფროსი თაობა ნათესაური, სარიტუალო თუ სამედიცინო საჭიროებით ჩამოდის საქართველოში, მიაქვთ საჩუქრები ახლობლებისთვის და მშვიდობის სადღეგრძელოებს სვამენ – ეს ყველაფერი ჩუმად.
ახალ თაობას ცოცხალი კავშირები არ გააჩნია საქართველოსთან. მათ ქართველებთან ერთად არ უცხოვრიათ, მათთან ერთად არ უმუშავიათ, არ დაულევიათ, არ გაუჩენიათ შვილები. მათთვის ეს უბრალოდ მეზობელი ქვეყანაა, როგორც სომხეთი და თურქეთი. ის კომპლექსები კი, რომელიც უფროს თაობას აქვს, ზუსტად იქიდან მოდის, რომ ისინი ძალიან კარგად იცნობდნენ ქართველებს. რადიკალიზმი ამ თემაზე საკუთარი თავის წინაშე შინაგანი შიშის გამო აქვთ. რადიკალები ხშირად ებრძვიან საკუთარ “შინაგან ქართველს”, რომლის განდევნაც არ შეუძლიათ”, – წერს ანტონ კრივენიუკი.
ამასთან, ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში, როგორც რუსეთში მარტივად ვერ ჩახვალ, საჭიროა სპეციალური დოკუმენტები და მათი გაცემის საკითხი აქ არანაკლებმნიშვნელოვანია.
“დიდი ალბათობით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გასცა ნებართვები საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, თუ ეს ასეა, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ აზროვნების გარკვეული მოდერნიზაციაა ხდება. ისეა მოწყობილი ადამიანი, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი ტრაგედიაც მის ცხოვრებაში, ოცი წლის შემდეგ ისეთ ემოციურ გავლენას აღარ ახდენს მასზე, როგორც ეს ტრაგედიის პირველ დღეებში იყო.
ჭკუიდან შევიშლებით, თუკი ჩვენს ტრაგედიებზე ყოველთვის ერთნაირად ძლიერი ემოციები გვექნება. საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ის უფრო მშვიდი გახდება რამდენიმე ათეულ წელიწადში. ადამიანები ჩავლენ-ჩამოვლენ.
ისეთ დროში ვცხოვრობთ, ადამიანებს შორის მანძილები ვიწროვდება და ხალხი აუცილებლად შეამჩნევს, რა არის მეზობლებთან უკეთესი და რა არა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ საქართველოში უკეთესი მედიცინაა, სამკურნალოდ იქ ჩავლენ. თუ ქართული პროდუქტი ნაკლები ღირს, ვიდრე აფხაზეთში, ამ პროდუქტს აფხაზეთში გასაყიდად ჩამოიტანენ. თუ თბილისში მესი ჩამოდის, ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც მის სანახავად იქ ჩავა. ერთი სიტყვით, თუკი სადღაც რაიმე უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, ჩვენი ხალხი ამით აუცილებლად ისარგებლებს”.
| ||||