ჩეჩნეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა იჩქერიის მესამე პრეზიდენტის ასლან მასხადოვის მოკავშირე ვაჰიდ მურდაშევი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დატოვა საპატიმრო, ისევ დააკავეს.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ჩრდილო-კავკასიური სამსახური, „კავკაზ რეალიი“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, მათი წყაროს ინფორმაციით, მურდაშევი უკვე მეოთხე დღეა, პოლიციაში ჰყავთ.
გამოცემის ცნობითვე, სამართალდამცავები მურდაშევის ოჯახს არწმუნებენ, რომ მას არაფერი დაშავებია და „უბრალოდ ესაუბრებიან“, თუმცა, მათი წყაროს თანახმად, „ოჯახი შეშინებულია“.
ვაჰიდ მურდაშევმა 15-წლიანი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ, 9 მარტს დატოვა საპატიმრო. ის 2005 წლის 8 მარტს დააკავეს — ზუსტად იმ დღეს, როდესაც რუსეთის FSB-ს სპეცოპერაციის ასლან მასხადოვი მოკლეს.
მასხადოვი იჩქერიის — რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებული დე ფაქტო რესპუბლიკის — მესამე პრეზიდენტი იყო ჯოხარ დუდაევის და ზელიმხან იანდარიევის შემდეგ.
ის ჩეჩნეთის სოფელ ტოლსტოი-იურტში მოკლეს. ჩეჩნეთის კრემლის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა მისი მკვლელობა შეაფასა, როგორც „საჩუქარი ჩეჩენი ქალებისთვის“.
1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ მასხადოვი რუსეთის არმიის წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლას ედგა სათავეში.
რუსეთის ფედერაცია მასხადოვის სახელს უკავშირებდა რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი თავდასხმის დაგეგმვას, მათ შორის ბესლანის სკოლის ეპიზოდს, რომლის დროსაც 326 მძევალი დაიღუპა, ძირითადად ბავშვები.
მურდაშევი მასხადოვის ახლო მოკავშირე იყო და სიკვდილის დღესაც მასთან ერთად იმყოფებოდა.
უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრე ადამიანები, მათ შორის ყოფილი მებრძოლები, ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ იდევნებიან.







