პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება ბრალდებული მიხეილ ძაძამია. ალბათ იგივე აბსურდზე ისაუბრებს, რაზეც კობა ხარშილაძემ ისაუბრა. აღნიშნული ბრალდებულების მთავარი მიზანი არის, რომ თავიანთი თავის გადარჩენის მიზნით ისაუბრონ ყველაფერი, რაც კი შეიძლება თქვას ადამიანმა. ეს სიმართლე იქნება, ტყუილი იქნება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ისინი აკეთებენ აქცენტს ისეთ ემოციებზე, რომელიც ნაფიცებზე გავლენას მოახდენს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაფიცი მსაჯულები ყოველგვარი ემოციების გარეშე, ცივი გონებით მიიღებენ გადაწყვეტილებას”.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულების ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც ისაუბრა.
“არაფერი ამ ადამიანებს თავის გადასარჩენი არ ჭირთ. მათთვის წარდგრნილი ბრალდება ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა. შესაბამისად, ამ ადამიანებს არაფერი ტყუილი სათქმელი არ აქვთ. მეტიც, ეს ადამიანები სიმართლეს როგორც ხსნიან, თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს რაიმე ფორმით მათ სამართლებრივად ეხმარებოდეთ. უბრალოდ, ამ ადამიანებს უნდათ, თქვან ყველაფერი ის, რაც იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ სპეკულაციებს დაესვას წერტილი და საზოგადოებამ განსაჯოს, ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების, ზურაბ ჟვანიას ნამუსის შემნახავი პირები უნდა იქნენ დასჯილი, თუ არა”.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა დაცვის ყოფილმა უფროსმა კობა ხარშილაძემ ჩვენება, გუშინ, 11 აგვისტოს მისცა.