ახალი ამბები

რომში მცხოვრები მღვდელი ქართველ ემიგრანტებს მანქანით მომსახურებას სთავაზობს

12 მარტი, 2020 • 3583
რომში მცხოვრები მღვდელი ქართველ ემიგრანტებს მანქანით მომსახურებას სთავაზობს

რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად საკუთარი მანქანით მომსახურებას სთავაზობს.

როგორც არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, ყოველი მგზავრობისთვის საჭიროა დამდასტურებელი საბუთის მიღება, რომ მისი მოძრაობა მიზანშეწონილია. არქიმანდრიტი ემიგრანტებს მოუწოდებს სახლში დარჩნენ, თვითონ კი საჭიროების შემთხვევაში წამლებსა და სურსათს მიუტანს.

“ვითარება დაძაბულია, გთხოვთ ყველანი დარჩით სახლში, ნურავინ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები. თქვენს სამსახურში ვარ. ძალიან გთხოვთ მიხედოთ თქვენს თავს, პირველ რიგში ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო, ღმერთმა დალოცოს იტალია და მთელი სამყარო’, – აცხადებს მღვდელი ვიდეო-მიმართვაში.

არქიმანდრიტი რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოში მსახურობს.

ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 11 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავიურით ინფიცირების 10 149 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 631-ია. 12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ექნებათ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის მანძილზე იმოქმედებს. ახალი გადაწყვეტილების შესახებ იტალიელებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ფეისბუქ ლაივიდან ამცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი