ახალი ამბები

ველი პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებულთა გათავისუფლებას – სენატორი რიში

11 მარტი, 2020 • 1441
ველი პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებულთა გათავისუფლებას – სენატორი რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და მის სრულად განხორციელებას ელიან.

სენატორების გამოხმაურებას შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

“ძალიან მოხარული ვარ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ მიღწეული შეთანხმებით და ველი მის სრულ იმპლემენტაციას მომავალი კვირების და თვეების განმავლობაში. წლის დასაწყისში, მე და ჩემმა კოლეგა სენატორმა შაჰინმა პრემიერ-მინისტრ გახარიას მივწერეთ, რათა გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას ვურჩიეთ, დემოკრატიული უკუსვლა დაესრულებინა. ეს შეთანხმება გარდამტეხი ნაბიჯია დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ. რამდენადაც საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, აუცილებელია შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად დაინერგოს და ყველა მხარემ დაიცვას. აშშ ელოდება სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას”, – აცხადებს სენატორი ჯიმ რიში.

სენატორი რიში მიესალმება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნას როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია”.

“ველი პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – ამბობს სენატორი რიში.

სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობა პირველ ნაბიჯს დგამს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთნ დაკავშირებით საკუთარი დაპირების შესრულებისკენ და აცხადებს, რომ ეს უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიისთვის.

“2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ბეჯითად მუშაობდა დემოკრატიული ტრანზიციის მიღწევისთვის და ამ გზაზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ასევე, ვაფასებ საქართველოს მიერ ჩემი და სენატორ რიშის შეშფოთებების გათვალისწინებას სამოქალაქო ჩართულობისა და ქართველი ხალხის ხმების პატივისცემასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას და საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ერთგული დარჩება”, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.


საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებით, 2020 წლის საპარლამენტო აღჩევნები 1%-იანი ბარიერის პირობებში, პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი