“ნეტგაზეთი” ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალის სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია?
ბოლო დროს სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გვიკავშირდება, გვთხოვს კომენტარს თუ პოზიციის დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ შემდეგი.
სამართლებრივ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ის წარმოადგენს ჭეშმარიტების დადგენის და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზას.
იმედი გვაქვს სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსთავი 2-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ მიიღო ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით.
ამორალობად მიგვაჩნია მცდელობა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მედიასაშუალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მიჩქმალულ იქნას და გასაღდეს როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ორმაგად ცინიკურია ამგვარი განცხადებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალ-ღონე არ დაიშურეს რათა მოესპოთ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში.
მივმართავთ ყველას – საზოგადოებას, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს – გავუსწოროთ თვალი რეალობას – დღეს რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინების საფუძველზე (საქმე:N2/15651-15) სამართლებრივი შეზღუდვები დაედო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პარტნიორების წილებსა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებას.
რეგისტრირდება სამართლებრივი შეზღუდვა: პარტნიორებზე – ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%), ნინო ნიჟარაძე (9%).
კერძოდ, სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე ამ პირებს ეკრძალებათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, საზოგადოების სახელით ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა, პარტნიორებისთვის და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით, თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა – უფლებრივად დატვირთვა.
ამას გარდა, სასამართლოს განჩინებით უფლებამოსილება შეზღუდული აქვთ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამაიას და ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიას.