ახალი ამბები

შსს: 4-მა პირმა 13 ადამიანს ანგარიშებიდან 42 000 ლარი მოჰპარა | კიბერდანაშაული

10 მარტი, 2020 • 1556
შსს: 4-მა პირმა 13 ადამიანს ანგარიშებიდან 42 000 ლარი მოჰპარა | კიბერდანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს 4 ადამიანი, რომლებმაც 13 სხვადასხვა მოქალაეს 42 000 ლარი მოჰპარეს ინტერნეტ-ბანკებიდან და ონლაინთამაშების ანგარიშებიდან.

შსს-ის ბრალდებით, დაკავებულებმა „13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში 42 000 ლარს“.

ორი მათგანი თბილისში დააკავეს, ორი — ბათუმში. გამოძიების თანახმად, ამ ორმა ადამიანმა ორ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და „ფულს უკანონოდ დაეუფლნენ“. ბრალდების თანახმად, მხოლოდ ეს ორი პირი ჯამში 20 000 ლარს დაეუფლა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს: გამოძიების თანახმად, „ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით, ბათუმში მდებარე ინტერნეტ-კაფეებში არსებული კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა, სხვადასხვა დროს მოპოვებული, 11 მოქალაქის კუთვნილი, ონლაინ ტოტალიზატორების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, ონლაინ-ტოტალიზატორების ანგარიშებზე დაფიქსირებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებიდან ფული აზარტული თამაშების ინტერნეტსაიტების ანგარიშებზე გადმოიტანა, შემდეგ აღნიშნული თანხები მეორე პირის მიერ მიწოდებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებზე ჩარიცხა. ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხები ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი ფული გაინაწილეს“.

შსს თანახმად, ამ ორმა დაკავებულებმა ჯამში 22 000 ლარი მოიპარა.

„სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინ ტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – წერს შსს.

პოლიციის თანახმადვე, გრძელდება გამოძიება გრძელდება სხვა შესაძლო დაზარალებული პირების გამოკვეთა-დადგენის მიზნით.

რაც შეეხება მუხლებს — გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი