ახალი ამბები

საპატრიარქომ NCDC-ის ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მიმართა

10 მარტი, 2020 • 1873
საპატრიარქომ NCDC-ის ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მიმართა

საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა.

ინფორმაცია ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდა. NCDC-ს ნეტგაზეთმაც მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა, IPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ.

„ტელეფონით მელაპარაკა საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით. დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს. იქ ხდება სადეზინფექციო ხსნარების და ნივთიერებების რეგისტრაცია.

მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ კომპანიებს, ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ საპატრიარქოს დაეხმარონ ამ საკითხში. ზოგადად, კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა დახმარების სურვილი.

ასევე გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის საშუალებით იმ კომპენიებს, ვინც არეგისტრირებენ ამ ნივთიერებებს, რომ მიეხმარონ დედა ეკლესიას და ქველმოქმედების წესით მიაწოდონ ეს საშუალებები. რამდენად წამოვლენ ისინი ამ ქველმოქმედებაზე, ჯერ არ ვიცი“, – განუცხადა გამყრელიძემ IPN-ს.

ნეტგაზეთი ამ ინფორმაციის საპატრიარქოში გადამოწმებასაც ცდილობს.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი