ახალი ამბები

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისებით Georgian Airways ჩამოიყვანს

10 მარტი, 2020 • 1814
იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისებით Georgian Airways ჩამოიყვანს

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, რომ იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს Georgian Airways რომში დაგეგმილი ორი სპეციალური რეისით ჩამოიყვანს.

საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც იტალიიდან სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ და რეისების გაუქმების გამო ვერ დაბრუნდნენ. მათ რეგისტრაცია უნდა გაევლოთ იტალიაში საქართველოს საელჩოში.

ბოკერიას თქმით, რეისები მათი  ყველაზე დიდი ორი თვითმფრინავით განხორციელდება და ჯამში ქვეყანაში საქართველოს 200 მოქალაქეს დააბრუნებენ.

“გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რომ ჩვენ შეგვესრულებინა ორი რეისი დღეს რომის მიმართულებით და ჩამოგვეყვანა საქართველოში საქართველოს 200 მოქალაქე. დღეს, 10:25 და 10:15 საათზე განხორციელდება რეისები ჩვენი ყველაზე დიდი თვითმფრინავებით, რომელთა მოცულობა 180 და 195 ადგილია”, – ამბობს ბოკერია ტელეკომპანია “პირველთან”.

მისი თქმით, ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟი სპეციალური ეკიპირებით იქნება აღჭურვილი და შესაბამისი ინსტრუქტაჟიც აქვთ გავლილი:

“ახლა მიმდინარეობს ჩვენი პილოტების, ბორტგამცილებლების მომზადება, შესაბამისი სპეცკოსტიუმებით მათი აღჭურვა და მთელი თვითმფრინავის მომზადება ამ სპეციალური რეისისთვის. გუშინ დასრულდა რომის აეროპორტთან მოლაპარაკება სპეციალური ორი ლოტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეები ჩამოგვეყვანა საქართველოში”, – ამბობს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი.

ბოკერიას თქმით, ჩამოყვანილი მოქალაქეები დადგენილი წესის შესაბამისად კარანტინს გაივლიან, შეამოწმებენ თვითმფრინავის ეკიპაჟსაც. თავად თვითმფრინავებს კი რეისის დასრულების შემდეგ იზოლაციაში მოაქცევენ, რის შემდეგაც მათ დეზინფექციას ჩაუტარებენ.

“პერსონალს სპეციალური კოსტიუმებით აღვჭურვავთ და  მაქსიმალურად დაცულები იქნებიან. ის საქართველეოს 200 მოქალაქე მოთავსებული იქნება თავიდან კარანტინში. რაც შეეხება ჩვენს ბორტგამცილებლებს, მათაც ჩაუტარდებათ შემოწმება და თუ საჭირო იქნება გაივლიან კარანტინს. ისინი აცნობიერებენ ამას და ყველა დათანხმდა. მომავალშიც თუ საჭირო იქნება, განახორციელებენ მსგავს რეისებს”, – ამბობს რომან ბოკერია.


საქართველოს მთავრობის 6 მარტის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი