ახალი ამბები

გვარამია: მოსამართლე ურთმელიძე არის ე.წ. ზონდერ მოსამართლე წულუკიანის ჯგუფიდან

7 აგვისტო, 2015 •
გვარამია: მოსამართლე ურთმელიძე არის ე.წ. ზონდერ მოსამართლე წულუკიანის ჯგუფიდან

“მოსამართლე ურთმელიძემ საკუთრების უფლებაზე მედიის თავისუფლებაზე წინ დააყენა. სხვა საკითხია, რომ ეს საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად საეჭვო. მოსამართლე ურთმელიძე არის ე.წ. ზონდერ მოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა, და რომელიც პირდაპირ და დაუფარავად მუშაობდა მთავრობაში და აწყობდა სასამართლო ხელისუფლებაში გადატრიალებას. ეს სარჩელი შემთხვევით არ მოხვედრილა მოსამართლე ურთმელიძესთან, მასში ხელოვნულად არის ჩართული მომიჯნავე და ინტელექტუალურ საკუთრების საკითხები, საუბარია ლოგოზე. და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის ეს საკითხიც აქ შეტანილი, რომ მხოლოდ ურთმელიძეს და სხვა ერთ მოსამართლეს შეუძლია ამ საკითხების განხილვა. შესაბამისად, სრულიად შეგნებულად მოხდა მათი ჩართვა”, – განაცხადა გვარამიამ დღეს, 7 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

 

მისივე თქმით, ტელეკომპანია რუსთავი 2 ამ განჩინებას ხუთი დღის ვადაში გაასაჩივრებს და პირველ რიგში მოვითხოვს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ არ განიხილოს ეს დავა.

 

“საჩივარი განხილული იყოს ზეპირი მოსმენით, იმიტომ რომ აქ არის საზოგადოებრივი უდიდესი ინტერესი და განხილვა მოეწყოს არა ერთი, არამედ სამი მოსამართლის მონაწილეობით. გვაქვს ინფორმაცია, რომ მთელი ხელისუფლება სასამართლო კორპუსზე ზეწოლაშია ჩართული”. 

 

გვარამია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ატკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული. 

 

“ნამდვილად ცინიკურია და ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი დაყადაღებული ქონება, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ტელკომპანიის შენობაა, და ეს ქონება საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს. ასევე დაყადაღებულია ქონება, რომელიც კაპიტალის სახით ახალმა დამფუძნებელმა შპს ტელეკომპანია საქართველომ შემოიტანა, და რომელმაც პრაქტიკულად გააორმაგა რუსთავი 2-ის კაპიტალი. ქიბარ ხალვაშის დროს ნახევარი მილიონი ლარით გამდიდრდა ჩვენი კომპანია, ეს იყო რამდენიმე გადამცემი, რომელიც დღეს სრულიად უსარგებლოა იმის გამო, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით”.

 

როგორც გვარამია ამბობს, მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინებით “აკრძალული გვაქვს ნებისმიერი ურთიერთობა საბანკო ინსტიტუციებთან, ვერ ავიღებთ ვალს კერძო პირისგან, კრედიტს ბანკისგან, ვერ გავაქირავებთ ჩვენს შენობებს, ეკრანებს, რაც გაქირავებული გვაქვს და ვიღებთ აქედან შემოსავალს, აკრძალული გვაქვს ასევე ნებისმიერი რამის ყიდვა უცხოელი პარტნიორისგან. რუსთავი 2-ის ანგარიშების დაყადაღებაზე კი, მოსარჩელეს უარი მხოლოდ იმიტომ ეთქვა რომ საზოგადოების რეაქცია მწვავე აღმოჩნდა”.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი