ახალი ამბები

“მე გეი ვარ!” – ჰომოფობი ექს-კონგრესმენის ქამინგაუთი

6 მარტი, 2020 •
“მე გეი ვარ!” – ჰომოფობი ექს-კონგრესმენის ქამინგაუთი

ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აარონ შოქმა, რომელიც კონგრესში ყოფნისას ლგბტ თემის უფლებების დაცვას ეწინააღმდეგებოდა, ხუთშაბათს თავის ვებ-საიტზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ გეია. როგორც მან აღნიშნა, ახლა რომ თანამდებობას იკავებდეს, ლგბტ უფლებების დაცვისთვის იბრძოლებდა. ინფორმაციას ამის შესახებ „CBS News“ ავრცელებს.

„ფაქტი, რომ გეი ვარ, არის ერთ-ერთი იმ რაღაცებიდან, რაც დადასტურებას საჭიროებს, რათა გაქრეს ყველა ეჭვი და საბოლოოდ გახდეს ნათელი, ვინ ვარ და რა ადამიანი ვარ. ვნანობ, რომ ეს [ქამინგ-აუთი] ადრე არ გავაკეთ“, – წერს შოქი.

პოსტში შოქი წერს, რომ აშშ-ში რელიგიურ გარემოში იზრდებოდა და არ სურდა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ეფიქრა.

„ყოველთვის ვამჯობინებდი, ჩემი ფიქრებისთვის სხვა მიმართულების მიცემა დამეძალებინა და საბოლოო პასუხი სხვა დროისთვის დამეტოვებინა“, – წერს იგი.

კონგრესმენი შოქი შტატ ილინოისის მე-18 საარჩევნო ოლქს წარმოადგენდა 2009-2015 წლებში. თანამდებობის დაკავებისას იგი მხოლოდ 27 წლის იყო.

კონგრესში მუშაობისას შოქმა არ დაუჭირა მხარი ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების ლეგალიზაციას, „არ იკითხო, არ თქვა“ (Don’t Ask, Don’t Tell) პოლიტიკის გაუქმებას და ფედერალური კანონმდებლობის ცვლილებას, რომლის თანახმადაც, სიძულვილის ნიადაგით ჩადენილი დანაშაული სექსუალური ორიენტაცაზე და გენდერული იდენტობაზე ვრცელდებოდა.

თავის პოსტში, შოქს არ მოუხდია ბოდიში თავისი ამომრჩევლებისთვის და არ შეუთავაზებია მათთვის რამე განმარტება, თუმცა აღნიშნა, რომ „ახლა კონგრესში რომ იყოს, ლგბტქ ადამიანებს ყველანაირად დაეხმარებოდა“

როგორც შოქი ამბობს, ქამინგ-აუთის შემდეგ ოჯახთან ურთიერთბა გაუფუჭდა და ისინი მას ახლაც უგზავნიან წერილებს „კონვერსიის თერაპიაზე“ (პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს „ორიენტაციის შეცვლას“, აკრძალულია აშშ-ის არაერთ შტატში), თუმცა ბოლო დროს დედამისმა პოზიცია ოდნავ შეიცვალა და ის [შოქი] თავის მომავალთან დაკავშირებით „ოპტიმისტურად“ არის განწყობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი