ახალი ამბები

კორონავირუსი აზიის ქვეყნებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს მოუტანს – ADB

6 მარტი, 2020 • 918
კორონავირუსი აზიის ქვეყნებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს მოუტანს – ADB

აზიის განვითარების ბანკის (ADB) შეფასებით, კორონავირუსი მნიშვნელოვნად დააზიანებს აზიის ქვეყნების ეკონომიკებს, რადგან ვირუსის გამო შემცირდება ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობის რიცხვი, ხელი შეეშლება ვაჭრობას და სხვა.

განვითარების ბანკში მიიჩნევენ, რომ ზარალის მოცულობა ვირუსის გავრცელების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული, რისი პროგნოზიც ამ დროისთვის რთულია.

“კვლევაში განხილული შესაძლო რამდენიმე სცენარის მიხედვით ვირუსის მსოფლიო ზარალი 77 მილიარდი აშშ დოლარიდან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე, ანუ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.1-დან 0.4%-მდე ნავარაუდები.

საშუალო სიმწვავის სცენარის მიხედვით, სადაც სიფრთხილის ზომები და შეზღუდვები, როგორიცაა მოგზაურობის შეზღუდვა, ვირუსის გავრცელებიდან 3 თვის შემდეგ შემსუბუქდება, — და ეს შეზღუდვები იანვრის ბოლოს დაწესდა, — მსოფლიო დანაკარგებმა შესაძლოა 156 მილიარდი აშშ დოლარი ანუ მსოფლიო მშპ-ს 0.2% შეადგინოს. აღნიშნული დანაკარგებიდან 103 მილიარდი აშშ დოლარი შესაძლოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოვიდეს ანუ ქვეყნის მშპ-ის 0.8% მოიცვას. დანარჩენი განვითარებადი აზიის ქვეყნებმა ჯამში შესაძლოა 22 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მშპ-ის 0.2% იზარალოს”.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, დღეისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ADB-ს გამოყოფილი აქვს 2 მილიონი აშშ დოლარი (ამის შესახებ 7 თებერვალს განაცხადა) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და დიდი მეკონგის ქვერეგიონში ვირუსის გამოვლენის, პრევენციისა და შესაბამისი რეაგირებისთვის; 26 თებერვალს მომდევნო 2 მილიონი აშშ დოლარი ADB-მა ორგანიზაციის ყველა განვითარებადი წევრის დასახმარებად გამოიყო. ასევე 25 თებერვალს 130 მილიონი ჩინური იუანის (18.6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის კერძო სექტორის სესხი გაიცა უჰანში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანიისთვის —  Jointown Pharmaceutical Group Co. Ltd საჭირო სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის უწყვეტი მიწოდების შესანარჩუნებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი