ახალი ამბები

უგულავას მიმართვა ოპოზიციას

5 მარტი, 2020 • 1498
უგულავას მიმართვა ოპოზიციას

“არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება”, – ამ განცხადებას ე.წ. მატროსოვის ციხიდან ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ავრცელებს.

“მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ – მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.

დიახ, დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ხალხი აუცილებლად მოიგებს. არ ვაპირებ ივანიშვილთან კატა-თაგვობანას თამაშს. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი როდის მოუნდება მას ჩემი მეოთხედ დაპატიმრება ან გამოშვება.

მან მძევლად ამიყვანა მე და სხვა პოლიტპატიმრები, იმის იმედით რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემის გამოვაჭრებით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე, არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება”, – წერს უგულავა.

ის თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციურ ერთობას მიმართავს:

“ჩემი პატიმრობა, ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა, და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს.

მეგობრებო, არ იდარდოთ ჩემზე, შევინარჩუნოთ ერთობა და ყველაფერი ვქნათ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად. სრული მხარდაჭერა თქვენ ამ ამოცანის მიღწევაში”, – აცხადებს უგულავა.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქი, რასაც მათ ოპოზიცია სთავაზობს, გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია და “არასერიოზულობას იძენს” ეს ყველაფერი.

“რომელიც უნდათ ამოირჩიონ 100/50- ზე, 110/40- ზე, მაგრამ 40-ს ქვევით გეოგრაფიულადაც კი შეუძლებელია დაყოფა და არასერიოზულობას იძენს ეს საუბარი. ბარიერთან დაკავშირებითაც რამდენიც უნდათ – 1,2,3 პროცენტი – თვითონ გადაწყვიტონ, შეთანხმდნენ 34-ვე პარტია თუ ადამიანი, თქვან რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში,”- განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს ჩანაწერის გაკეთებას, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც 40%-ზე მეტს ვერ მიიღებს არჩევნებში, დამოუკიდებლად ხელისუფლების ფორმირებას ვერ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი