ახალი ამბები

აზარტული თამაშების რეკლამის შემდეგ საპატრიარქომ საიტიდან პირდაპირი ეთერი მოხსნა

4 მარტი, 2020 • 1837
აზარტული თამაშების რეკლამის შემდეგ საპატრიარქომ საიტიდან პირდაპირი ეთერი მოხსნა

მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე საპატრიარქოს ტელევიზიის პირდაპირი ეთერის ფანჯარაში აზარტული თამაშების რეკლამა გამოჩნდა, საპატრიარქომ საიტიდან პირდაპირი ეთერი მოხსნა.

რამდენიმე საათის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე ერთ-ერთი ტოტალიზატორის რეკლამა გამოჩნდა. როგორგ ამ საკითხზე საპატრიარქოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, საიტი განახლდა, სატესტო რეჟიმში მუშაობდა და აღნიშნული, სავარაუდოდ, ტექნიკური ხარვეზი იყო;

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასევე გვითხრა, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში აზარტული თამაშების რეკლამირება აკრძალულია და ამ ტექნიკურ ხარვეზს გამოასწორებდნენ.

რამდენიმე საათის საპატრიარქოს პრესსამსახურმა უფრო ვრცელი განმარტება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საპატრიარქოს ახალ ვებგვერდის ახალი ფუნქცია ე.წ. „ლაივ-სთრიმი“ (ანუ პირდაპირი ეთერი), და მათს საიტზე მიმდინარე „ლაივ-სთრიმი“ დროებით ვიდეოპორტალ „მაივიდეოდან“ მიეწოდებოდათ. მათი განმარტებით, სწორედ ამიტომ გამოჩნდა ფანჯარაში აზარტული თამაშების რეკლამა.

„ამ დროისათვის სწორედ ამ მიზეზით პირდაპირი ეთერი გათიშულია“, – წერს საპატრიარქო. ვებგვერდიდან ლაივ-სტრიმის პლაგინი აღებულია.

„როგორც აღვნიშნეთ, ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია და შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად გაკეთდება უშუალოდ საპატრიარქოს გვერდისთვის განკუთვნილი და მორგებული სთრიმი“, – აცხადებს საპატრიარქოს პრესცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი