ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა

4 მარტი, 2020 • 1971
სახალხო დამცველმა სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველმა „თანასწორობის მოძრაობის“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” განცხადებების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერების არსებობას, სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა.

„თანასწორობის მოძრაობამ“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა” საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებებით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირებისთვის მიმართა. განცხადებების თანახმად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში „სასამართლო მედიცინა“ და „ბიოეთიკა“ გამოყენებული ტერმინები/გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ ადამიანების მიმართ.

ამავე ინფორმაციის თანახმად  სახელმძღვანელოში „სასამართლო მედიცინა“ გამოყენებულია ტერმინები: „პედარასტია,“ „აქტიური პედარასტი,“ „პასიური პედარასტი“, „გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი“. ამასთან, სახელმძღვანელოში ტრანსსექსუალობა განმარტებულია, როგორც “სქესობრივი თვითშეგნების დარღვევა“ და „სადიზმი“.

“გარდა ამისა, სახელმძღვანელოში „ბიოეთიკა“ (ავტორი ბელა მამულაშვილი) გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: „ჰომოსექსუალიზმის ცოდვა“, „ჰომოსექსუალისტები“, „განსაკუთრებული სქესობრივი ორიენტაცია“, „ფარული ჰომოსექსუალური გადახრები.“ ამასთან, სახელმძღვანელო განმარტავს, რომ „მედიცინაში ბოლომდე გარკვეული არ არის საკითხი, ითვლება თუ არა ჰომოსექსუალიზმი განსაკუთრებულ სქესობრივ ორიენტაციად თუ იგი ფსიქიკური მოშლილობის ერთ-ერთი ფორმაა“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოებში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

“ამდენად, საგანმანათლებლო სფეროში აფერხებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას და ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მიზნების მიღწევას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოებში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად, ხელს უშლის საგანმანათლებლო სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცებას და ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების გაცხადებული მიზნების მიღწევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო უნივერსიტეტს მიმართა რეკომენდაციით, რათა მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სასწავლო კურსების, „სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი“, ასევე „ბიოეთიკა“ სწავლებისას ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალის გამოყენება. მათ შორის, სახელმძღვანელოთა არსებულ რედაქციებზე ცვლილებების მომზადება დანართის სახით და სასწავლო პროცესში დანერგვა”, – ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.

საქმის განხილვის პროცესში მესამე პირად ჩართული იყო „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG).

განახლება: სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ სახალხო დამცველმა ამ საკითხზე დისკრიმინაცია დაადგინა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი