ახალი ამბები

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კახეთის გუბერნატორს სასამართლოში უჩივის

3 აგვისტო, 2015 •
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კახეთის გუბერნატორს სასამართლოში უჩივის

გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ შიოლაშვილმა განცხადებით ცილი დასწამა, რომ იგი მას აშანტაჟებდა და ითხოვდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფასიანი მომსახურება შეეძინათ.

 

“მივმართე სასამართლოს, რომ დაადგინოს ჩემ მიერ ცილისწამების ფაქტი და დააავალდებულოს გუბერნატორი ეს ცილისწამება საჯაროდ უარყოს”, – ამბობს გელა მთივლიშვილი.

 

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ გელა მთივლიშვილი ითხოვდა, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციასა და სხვა მუნიციპალიტეტებს შეეძინათ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფასიანი მომსახურება.

 

ხოლო როცა გუბერნატორმა უარი განაცხადა ამ მომსახურების შეძენაზე, მთივლიშვილსა და მას შორის პიროვნული კონფლიქტი დაიწყო, ამბობს შიოლაშვილი.

 

გელა მთივლიშვილი გუბერნატორის ამ განცხადებას უკავშირებს მის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ გუბერნატორი მფარველობს თავის ოჯახის წევრებს და ბიუჯეტის ხარჯზე ბიზნესს აკეთებენ.

 

გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი 2011-2013 წლებში ფასიან მომსახურებას (განცხადებების გამოქვეყნება და ხელმოწერის პაკეტები) მას კანონთან შესაბამისობაში აწარმოებდა და კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მხოლოდ 30% სარგებლობდა ამ მომსახურებით.

 

გელა მთივლიშვილის თქმით, ფასიან მომსახურებაში მიღებულმა შემოსავალმა სამ წელიწადში ჯამურად 28540 ლარი შეადგინა. მთივლიშვილი ამბობს, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფასიანი მომსახურება 2014 წლის შემდეგ შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი