ახალი ამბები

რაში დახარჯეს რწმუნებულებმა 11 მილიონი – TI-ის კვლევა

4 მარტი, 2020 • 1144
რაში დახარჯეს რწმუნებულებმა 11 მილიონი – TI-ის კვლევა

სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის 9 ადმინისტრაციამ 2018-2019 წლებში, ჯამში, 10.8 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ წერია კვლევაში, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დღეს, 4 მარტს გამოაქვეყნა. დოკუმენტში დეტალურად არის აღნიშნული ამ თანხის ხარჯვის პრაქტიკა.

კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, წინა წლებთან შედარებით, (2016-2017) მომატებულია ადმინისტრაციების მიერ გაწეული ხარჯები. მაგალითად, მომატებულია ხარჯები საწვავის შესყიდვაზე, ასევე სატელეკომუნიკაციო, სახელფასო და კვების ხარჯებზე. თუმცა შემცირებულია სამივლინებო ხარჯები.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 267 ადამიანია დასაქმებული, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი ცხრით მეტი – 276 ადამიანი მუშაობდა.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების სახით ცხრავე ადმინისტრაციაში ჯამურად 8 212 842 ლარი გაიცა. პრემიების, ჯილდოების და დანამატების სახით კი ორი წლის განმავლობაში 655 454 ლარი გასცეს. აქედან ყველაზე მეტი – 123 ათას ლარამდე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გასცეს.

ასევე, 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

რაც შეეხება ავტომობილებს და მათ შეკეთებას, აღნიშნული მიზნით 2018-2019 წლებში 521 959 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში, 2019 წლის მდგომარეობით, სულ 81 ავტომობილია, რომელთაგან 3 ამორტიზებულია (2 გურიაში, 1 კი – ქვემო ქართლში).

გარდა ამისა, 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 505 076 ლიტრი საწვავი (505 ტონა) გახარჯეს, გახაჯრული საწვავის ჯამურმა ღირებულებამ კი 1.1 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 87 060 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 190 ათასი ლარი შეადგინა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1 200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. მოქმედ სახელმწიფო რწმუნებულებს შორის კი ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (20 833 ლიტრი) კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახარჯა.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან მხოლოდ ორი – მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციები არიან საკუთარ შენობებში განთავსებული, სხვა ადმინისტრაციები უსასყიდლოდ სარგებლობენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობებით.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში სატელეფონო კომუნიკაციებზე 2018-2019 წლებში 86 993 ლარი დაიხარჯა. აქედან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის და შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები.

რაც შეეხება მივნილებებს, კვლევის მიხედვით, ქვეყნის შიგნით და გარეთ თანამშრომელთა მივლინებებში 2018-2019 წლებში 123 495 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე მეტი თანხა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა.

წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის კი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2018-2019 წლებში 86 742 ლარი დაიხარჯა. მათ შორის არის როგორც რესტორნის მომსახურება ასევე, საოფისედ სასმელი პროდუქტის მომარაგებაც.

კვლევის მიხედვით, წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (22 742 ლარი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა.

კლვევაში ხაზგასმულია, რომ რესტორნის მომსახურებაზე ხარჯი არ გაუწევით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი