ახალი ამბებიკომენტარი

კორონავირუსი: რატომაა აუცილებელი რისკჯგუფის თვითიზოლაცია – ირმა დიმიტრაძის წერილი ჩინეთიდან

29 თებერვალი, 2020 • 6619
კორონავირუსი: რატომაა აუცილებელი რისკჯგუფის თვითიზოლაცია – ირმა დიმიტრაძის წერილი ჩინეთიდან

„კორონავირუსი საშიში არ არის”, “ჩვეულებრივი გრიპი გაცილებით მეტ ადამიანს კლავს”, “ავტოავარიებში უფრო მეტი ადამიანი კვდება”, ფემიციდის მსხვერპლების რიცხვი რატომ არ გაპანიკებთ?!” – ამ ტიპის განცხადებებით, თავდაპირველად მთავრობებმა და ოფიციალურმა პირებმა სცადეს პანიკის თავიდან არიდება, ახლა კი მოქალაქეები ახალ ახალ კონტექსტში სვამენ და პანიკის არიდების ხარჯზე, ზრდიან უპასუხისმგებლობასა და რისკს. მე კი დეჟავუს განცდა მაგდებს პანიკაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჩინეთით თავი შეგაწყინეთ, მინდა კიდევ ერთხელ დავწერო ამ ვირუსზე, რომლისაც (თუ შიშის გარეშე პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობთ) უნდა გვეშინოდეს! 

დეკემბრის შუა რიცხვებში, ჩინურ სოციალურ მედიაში დაიწყეს საუბარი კორონავირუსზე. ტონი – ზუსტად იგივე, რაც ზემოთ აღვწერე. მას შემდეგაც კი, რაც უჰანის ადგილობრივმა მთავრობამ აღიარა ვირუსის საშიშროება, ხალხმა არ შეწყვიტა მოგზაურობა, არ მიმართა თვითიზოლაციას და არ მოეკიდა პასუხისმგებლობით საკითხს, ვიდრე ცენტრალურმა ხელისუფლება კატეგორიული ტონი არ გამოიყენა! ამის შემდეგ ერთ თვეში მდგომარეობამ დაიწყო დასტაბილურება, თუმცა შედეგები კარგადაა თქვენთვის ცნობილი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ჩინეთში სადამკვირვებლო მისიის დასრულების შემდეგ ოფიციალურად განაცხადა, რომ იზოლაცია, ამ ეტაპისთვის არის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ეფექტური მეთოდი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მისი მოწოდებები მსოფლიო ქვეყნების მთავრობებისადმი გახდა უფრო მკაცრი და უფრო მკაფიო – ყველა ქვეყანა ვალდებულია საკუთარი ხალხისა და მსოფლიოს წინაშე, იყოს მზად! 

რატომ უნდა გვეშინოდეს კორონავირუსის? 

გაგიკვირდებათ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაშიც და ჩინეთშიც კარგად იციან თვლა და ახალ აღმოჩენას ნამდვილად არ აკეთებთ, როდესაც კორონავირუსის ლეტალობის პროცენტულ მაჩვენებელს ადარებთ უეცარი სიხარულისგან თუ სხვა ათასი მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობას. და მაინც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ საშიშროება, მსოფლიო დონეზე არის ძალიან მაღალი, რომ აუცილებელია მომზადება, რომ მთავრობებმა უნდა გამოიღვიძონ… მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა კი რისკავს თავის ეკონომიკას და განუსაზღვრელი ვადით იზოლაციას აცხადებს. იქნებ დავუშვათ, რომ “მოდის” გარდა სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეთ და შეიძლება მართლა უნდა გვეშინოდეს?! 

  • არ გვაქვს კონკრეტული წამალი, ან მკურნალობის მეთოდი მიმართული კონკრეტულად ამ ვირუსზე; 
  • ვირუსი ვრცელდება წარმოუდგენლად სწრაფად. როდესაც აქვს საინკუბაციო პერიოდი – ადამიანი და ტესტი ვერ ადგენს მის არსებობას. 
  • კლავს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს… მათ შორის ძლიერი იმუნიტეტის მქონეებსაც მოერია. ვირუსი ვითარდება და ადაპტირდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენ ვპოულობთ მისი განადგურების გზას. 
  • ის, რომ ყველას არ კლავს, არ ნიშნავს, რომ ყველას არ სჭირდება მკურნალობა – წარმოიდგინეთ, ათასობით ინფიცირებული საქართველოში და წარმოიდგინეთ, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდეს. გვაქვს კი შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა  ამას რომ გაუძლოს?! თუნდაც ჩვეულებრივი გრიპი იყოს, თუ წამლები, მკურნალობა არ მიაშველე, შეიძლება ვერ გადარჩე და ასეთ მდგომარეობაში გვექნება შესაბამისი რაოდენობის წამლები, ექიმები და ანალიზები?! – არა! ჩინეთსაც დასჭირდა დახმარება, ექიმები შეუსვენებლად, პამპერსებით მუშაობენ… და მაინც ბევრი საავადმყოფოს მიღმა დარჩა – ადგილი არ ეყოთ და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. 
  • გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა, დაავადებულების რაოდენობასთან თანაფარდობაში რომ მოიყვანოთ, არც ისე დაგამშვიდებთ შედეგი. ამას დაუმატეთ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, სახლებში გაწერეს და შემდეგ ისევ დაუფიქსირდათ ვირუსი. მაშასადამე, განკურნება არ ყოფილა ზუსტი ტერმინი. და არც ის ვიცით კიდევ რა იქნება. 

გაშინებთ! როგორც ჩანს, უნდა გვეშინოდეს, რომ გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და როლი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მდგომარეობის გამწვავებას დაველოდოთ. ძალიან მწყინს და პანიკაში მაგდებს ის უპასუხისმგებლო განცხადებები, რასაც რისკჯგუფში მყოფი ადამიანები თვითიზოლაციასთან დაკავშირებით აკეთებენ. 

„იტალიაში არ არის ყველა კარანტინში და იტალიიდან ჩამოსული ყველა რატომ უნდა წავიდეს თვითიზოლაციაში?!“ 

 

იტალიაში ამ დრომდე არ იციან, საიდან დაიწყო ვირუსის გავრცელება, პაციენტი დღემდე ვერ იპოვეს. შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი კონტაქტების იდენტიფიცირება, მათი შემოწმება, იზოლირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია. ამის შედეგები: ერთ კვირაში 888 იდენტიფიცირებული შემთხვევა, 21 გარდაცვალება, 46 – გამოჯანმრთელება. ვირუსი შეიძლება იყოს მთელს იტალიაში, არ გვაქვს ზუსტი რუკა (უკვე ვთქვით რატომაც).

მგონი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. რიგ ქალაქებში იზოლაციაა, ზოგან – კარანტინი. გვინდა იტალიას მივბაძოთ?

მოდი სამხრეთ კორეას გადავხედოთ – თითქმის სამი ათასი დადასტურებული შემთხვევა, იზოლაციის ზომები ნელ-ნელა იქაც მკაცრდება. მოკლედ არც ისე კარგ შედარებას ვახდენთ, როდესაც მთელი ქვეყნის მოსახლეობისა და ერთეული ადამიანების თვითიზოლაციას ვადარებთ. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს შანსი, რომ არ აღმოვჩნდეთ იტალიის ან სამხრეთ კორეის, ან ირანის ადგილზე და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?! მით უმეტეს, ვხედავთ ამ ტემპით მალე მოუწევთ ამ ქვეყნებს იმავე ზომების მიღება, რაც ჩინეთმა მიიღო. უკვე არაერთგზის ნახსენები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი მოგვიწოდებს, მზად ვიყოთ მაგისთვისაც. 

„მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია ორი კვირა თვითიზოლაციაზე“ 

საქართველოში მეორე შემთხვევა დაფიქსირდა მგზავრზე, რომელიც 26 თებერვალს ჩამოვიდა იტალიიდან. უნდა აღინიშნოს, რომ 2 დღის შემდეგ მან თავად მიაკითხა ინფექციურს. მაშინ რა მოხდა? არ ჩანს ეს მოქალაქე უპასუხისმგებლო, რატომ წავიდა სამსახურში, რატომ დააყენა ხალხი რისკის ქვეშ?! საინტერესო კითხვებია, მით უმეტეს, მე ვიცი რამდენიმე ადამიანი, ვინც საქართველოში იტალიიდან დაბრუნდა, აეროპორტში სიცხე გაუსინჯეს და შინ გაუშვეს, ისინი კიდევ ხან კონფერენციიდან ჩექინდებიან, ხან კლუბიდან. არ არის ეს ხალხი უპასუხისმგებლო?

მოკლედ, ისევ იმას დავუბრუნდით, რომ “საკმარისად არ გვეშინია”! – რეკომენდაცია თვითიზოლაციაზე უნდა იყოს სავალდებულო და არა ნებაყოფლობით, უნდა გავიაზროთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. რასაც მე ვხედავ, მგონი ვითარებას სრულად ვერ ვიაზრებთ. უნდა მოვიკითხოთ, როგორ გასცეს რეკომენდაცია, რამდენად დამაჯერებლად და როგორ შეამოწმეს შესრულება. ასევე უნდა მოვიკითხო, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თუ არა გეგმა, როგორ უზრუნველყონ თვითიზოლაცია. ბევრისთვის ეს მარტივად შესასრულებელია, მაგრამ ბევრისთვის შესაძლოა პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. სახელმწიფომ უნდა გააფრთხილოს ყველა დამსაქმებელი, ხელი შეუწყონ თანამშრომლებს და არ შეაშინონ თვითიზოლაციაში გასვლასთან დაკავშირებით. ასევე უნდა აღირიცხონ ადამიანები, ვინც არიან თვითიზოლაციაში; მათ, ვისაც არ ჰყავთ არავინ, ვინც დაეხმარება, მიაწვდის საჭმელს ან მოიკითხავს, თვითიზოლაციის რომ არ შეეშინდეთ. ასევე რომ ვიცოდეთ თვითიზოლაციაში მყოფი პირების მდგომარეობა, იქნებ ვინმეს მდგომარეობა გაურთულდა, სიმპტომები გამოვლინდა ან ნერვიულობის ფონზე გახდა ცუდად. ასევე სახელმწიფო უნდა იყოს მზად და ჰქონდეს გეგმა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ყოველდღიური შემოსავალია არსებობის წყარო. ეს და სხვა დეტალები მოიაზრება ქვეყნის მზად ყოფნაში და არა მხოლოდ ის, საზღვარზე ხალხს სიცხე გავუსინჯოთ თუ სიცხიანებს ანალიზი გავუკეთოთ. 

„თვითიზოლაცია შესასრულებლად წარმოუდგენელი, ამიტომ არის მხოლოდ რეკომენდაციის სახით და არა სავალდებულო“ 

თქვენ თუ არ გაქვთ თვითიზოლაციის გამოცდილება და ეგ უარგუმენტობა გაწუხებთ, იქნებ მე მეთქმოდეს ორი სიტყვა: ერთ თვეზე მეტია თვითიზოლაციაში ვარ – პირველ დღეებში ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის და არა სავალდებულო. რთული ნამდვილად არ არის. ჩემი ნაცნობი იმყოფებოდა ისეთ ადგილას, სადაც ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, ამიტომ ის და მისი ოჯახი მოათავსეს თვითიზოლაციაში, ანუ მათ, ჩემგან განსხვავებით მაღაზიაში ჩასვლაც არ შეეძლოთ. ოფიცერი მიდოდა ყოველ დღე, მიჰქონდა საჭმელი, უზომავდა სიცხეს და ამოწმებდა მათ მდგომარეობას. ერთი კვირის შემდეგ გაიკეთეს ანალიზები და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. სამაგიეროდ მათი თვითიზოლაცია დაემსგავსა ჩვენსას, შეუძლიათ პირბადით გაისერინონ ეზოში, გავიდნენ მაღაზიაში… ქართულ რეალობაში, ეს უფრო მარტივად შესასრულებელია. თუ არც არავინ გვყავს და სახელმწიფო სერვისებმაც კიდევ ერთხელ გვიღალატა, მაშინაც კი, მჯერა, მოხალისეობრივად შესაძლებელია მივცეთ ადამიანებს საშუალება თვითიზოლაციის პერიდოში ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. 

რომ არ იფიქროთ ჩინეთიდან გმოძღვრავთ, აქვე ვიტყვი, რომ ჩემს ვიზას მალე ვადა გასდის, რის გამოც იძულებული ვარ დავბრუნდე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია თვითიზოლაციაში ვარ და ერთი წელია ახლობლები არ მინახავს და მენატრებიან, არც განვიხილავ სხვა გზას გარდა თვითიზოლაციისა. მანამდე კი გზაში გადავაადგილდები შესაბამისი აღჭურვილობით, რომ მილიონპროცენტიანი გარანტია მქონდეს, მე არ გავავრცელებ ამ ან სხვა ვირუსი, რომელიც მე შეიძლება უპრობლემოდ გადავიტანო, სხვისთვის კი სასიკვდილო აღმოჩნდეს. 

გთხოვთ ყველას, ვინც იცით, რომ ხართ რისკჯგუფში, აიღეთ პასუხისმგებლობა, თუ გიჭირთ ითხოვეთ დახმარება და შეასრულეთ თვითიზოლაციის პირობა. მათ ვისაც ჩვეულებრივი სიცხე გაქვთ, ასევე გთხოვთ მოერიდეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტს და დაიცავით ირგვლივ მყოფები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი