ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანს ხადიჯა ისმაილოვასთვის 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს

28 თებერვალი, 2020 • 1486
აზერბაიჯანს ხადიჯა ისმაილოვასთვის 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 თებერვალს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას 2014 დეკემბერში უკანონო პატიმრობის შესახებ საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო. 

ხადიჯა ისმაილოვას მაშინ ეკონომიკური დანაშაულების ბრალდებით 7,5 წლით პატიმრობა შეუფარდეს. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვას უფლებები რამდენიმე მუხლით დაირღვა, მათ შორის: თავისუფლების უფლება და პირადი ხელშეუხებლობა; სამართლიანი სასამართლოს უფლება; გამოხატვის თავისუფლება. სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისთვის 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ხადიჯა ისმაილოვას მიმართ ეს უკვე მეორე გადაწყვეტილებაა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა. იქამდე სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მის პირად ცხოვრებაში ჩარევა, რომელიც მის ბინაში ფარულ გადაღებას და შემდეგ კადრების ინტერნეტით გავრცელებას უკავშირდებოდა.

ხადიჯა ისმაილოვა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ის ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ამჟამად ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანიდან ვერ გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი