ახალი ამბები

ჟურნალისტებს სასაზღვრო პუნქტებში გადაადგილება შეეზღუდებათ – შსს

27 თებერვალი, 2020 • 849
ჟურნალისტებს სასაზღვრო პუნქტებში გადაადგილება შეეზღუდებათ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გადაადგილება შეეზღუდებათ. ამ გადაწყვეტილებას შსს-ში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვით ხსნიან.

ამას გარდა, უწყება კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების ამოწმებს. საუბარია ჩინეთზე, სამხრეთ კორეაზე, ირანსა და იტალიიდან ჩამოსულ მგზავრებზე.

“ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში,”-აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობითვე, მათი თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში.

“მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება,”-წერია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი