ახალი ამბები

თბილისში დამატებით თურქული წარმოების 126 ავტობუსს შემოიყვანენ

26 თებერვალი, 2020 • 2789
თბილისში დამატებით თურქული წარმოების 126 ავტობუსს შემოიყვანენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში 126 ერთეული BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. როგორც დღეს, 26 თებერვალს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, შესაბამისად, კომპანია თურქეთში წარმოებულ ავტობუსებს შემოიყვანს. ახალი ავტობუსები ბუნებრივ აირზე (CNG) იმუშავებს.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, გამოყოფილია თანხები და გამოცხადებული იყო შესყიდვა 12-მეტრიან ავტობუსებზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც ვალდებულია, შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ის მარკის ავტობუსი, რომელიც თურქეთში იწარმოება და ბუნებრივ აირზე (CNG) მუშაობს. უახლოეს მომავალში დაიწყება მათი აწყობა-წარმოება და შემდეგ უკვე დედაქალაქში შემოყვანა“, – აცხადებს კალაძე.

მერიის ცნობითვე, 126 ერთეული ავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით განხორციელდა. BMC-ის მარკის ავტობუსები 90 მგზავრზეა გათვლილი, აქედან, 28 დასაჯდომი ადგილით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი