ახალი ამბები

ივანიშვილმა შემომითვალა “აბაროტების” დაწევა – უგულავას ინტერვიუ ციხიდან

25 თებერვალი, 2020 • 1628
ივანიშვილმა შემომითვალა “აბაროტების” დაწევა – უგულავას ინტერვიუ ციხიდან

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მას ივანიშვილმა დაკავებამდე შეუთვალა, რომ “აბაროტები” დაეწია. ამის შესახებ უგულავამ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

გრიგოლიას კითხვაზე, შეუთვალეს თუ არა უგულავას, რომ თუ არ შეაჩერებდა პოლიტიკურ აქტიურობას, მას დააკავებდნენ, უგულავამ უპასუხა, რომ ზუსტად მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მას “აბაროტების” დაწევა შეუთვალა:

“ივანიშვილმა გადმომცა, პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ უბრალოდ აბაროტების დაწევა…”, – განაცხადა უგულავამ. სატელეფონო ინტერვიუს დროს, სწორედ ამ მომენტში საუბრის ვადა ამოიწურა და ინტერვიუ შეწყდა.

მანამდე კი გიგი უგულავამ საკუთარი შეწყალებისა და ბრალდების შესახებ ისაუბრა.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ფიქრობს თუ არა უგულავა, რომ საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე შესაძლოა პრეზიდენტმა შეიწყალოს, უგულავამ უპასუხა, რომ ამას არ ვარაუდობს:

“არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს მივმართო [შეწყალების თხოვნით], მე სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილის ხელისუფლების დანამატად განვიხილავ, მას ჩემი მიმართვა არ სჭირდება, მას მიმართვის გარეშეც შეუძლია ამ საქმის გამოსწორება”, – განაცხადა უგულავამ.

სატელეფონო ინტერვიუსას უგულავამ საკუთარ ბრალდებაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ არსებული ბრალდება არის უსაფუძვლო:

“მე მედავებიან, რომ პარტიული ნიშნით დავასაქმე ადამიანები… მე ამაყი ვარ, რომ ასეთ ანტაგონისტურ პირობებშიც კი, როდესაც პროკურატურა იგონებდა და თხზავდა ბრალს, მათაც კი ვერ მოახერხეს, ვერ შემტენეს ისეთი რამ, რომელიც ჩემს ოდნავ მაინც შეხებას კორუფციასთან გამოავლენდა. ყველაფერი, რასაც მე მედავებიან, დაკავშირებულია პოლიტიკურ, პარტიულ საქმიანობასთან და დაკავშირებულია იმასთან, რომ მე პარტიული ნიშნით დავასაქმე ადამიანები, რომლებიც პარტიის საქმეს აკეთებდნენ. მე ერთი თეთრის წაღებასაც არავინ არ მედავება იმიტომ, რომ მსგავსი რამე არასდროს არ ყოფილა”, – განაცხადა უგულავამ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა 10 თებერვალს დააკავეს და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

მანამდე კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი