26 ივლისის “იმედის კვირის” ეთერში გავიდა ვრცელი სიუჟეტი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეურაცხყოფენ მამაკაცის ოჯახის წევრები და მეზობლები ქალს, რომელიც, მათი მტკიცებით, “ქალიშვილი არ აღმოჩნდა” და რომელიც ქმარმა სცემა. სიუჟეტში ნაჩვენებია ძალადობის მსხვერპლიც, რომელიც სიუჟეტის მომზადების დროს ემოციურ ფონზე უგონო მდგომარეობაში საწოლში წევს.
ამავე სიუჟეტში ჟურნალისტმა გამოკითხა მამაკაცებიც, რომლებსაც ეკითხება, “მოიყვანდნენ თუ არა ცოლად არაქალიშვილს”.
“ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ სიუჟეტს ქართული მაუწყებლის ეთერში ოდესმე ვნახავდი. არსებობს სიუჟეტები, სადაც ჟურნალისტები არ ფარავენ, მაგალითად, მსხვერპლის სახეს. მაგრამ ის, რაც აქ ვნახეთ, უბრალოდ წარმოუდგენელია. არაფერი ეტყობა სიუჟეტს იმისა, რომ მინიმალური მცდელობა მაინც ჰქონდათ ჟურნალისტებს, ადამიანებს, თავიანთ საქმეს ან თემას გაფრთხილებოდნენ”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თამარ რუხაძე.
რუხაძე ფიქრობს, რომ ტელევიზიას შეუძლია თავი იმართლოს იმით, რომ რესპონდენტები სრულწლოვნები არიან და გააზრებულად მისცეს ინტერვიუები, თუმცა ეს არგუმენტი, მისი თქმით, უსუსურია.
“იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა და არ არის არგუმენტი, რომ ოჯახები იყვნენ თანახმა. ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ავტომატურად გარანტირებული უნდა ჰქონდეს კონფიდენციალობა (ამას ამბობს საერთაშორისო სტანდარტი ძირითად შემთხვევებში), გამონაკლისები უნდა იყოს ძალიან სერიოზული სარედაქციო მსჯელობის საგანი, ხოლო არგუმენტი- არა მხოლოდ თანხმობა, არამედ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა არც ერთი გამონაკლისი არ გაითვალისწინებს იმ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელ დეტალებსა და ფორმებს, როგორადაც ეს “იმედის” სიუჟეტში იყო წარმოდგენილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “იმედის კვირის” გუშინდელ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოში შემოვა განცხადება”, – ამბობს რუხაძე.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტით მედიამ ადამიანზე იძალადა.
“ძალადობის მსხვერპლის პირად ცხოვრებაში შეჭრა ძალიან სახიფათოა თავად ამ ადამიანისთვის. არ ვიცი, როგორ მოახერხეს და რა მორალური კატეგორიებით იხელმძღვანელეს, როდესაც ეს გოგონა ასეთ მძიმე მდგომარეობაში აჩვენეს, არავის ჰქონდა ამის უფლება. ამასთან, გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მასთან იყო გარკვეული ინტერვიუ, შეკითხვები და ამან გამოიწვია რეტრავმატიზაცია. ეს თუ ნამდვილად ასე მოხდა, სერიოზული დანაშაულია, რომელიც მკაცრ რეაგირებას საჭიროებს”, – განმარტავს ფსიქოლოგი.
გარდა ამისა, მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ “იმედის კვირის” სიუჟეტი საზოგადოებაში კიდევ უფრო ამძაფრებს იმ სტერეოტიპებს, რომელიც ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს.
“რა თქმა უნდა, ამ თემაზე უნდა ისაუბროს მედიამ. უნდა ისაუბროს იმის შესახებ, რომ ძალადობის ასეთი საშინელი ფაქტები ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, რომ საჭიროა განათლება და არსებული სტერეოტიპების გადახედვა. ამასთან, ყველაფერი ამის გაკეთება შეიძლება ეთიკურად და გემოვნებიანად. ამ სიუჟეტით კი ყველაფერი პირიქით მოხდა. მაყურებელს არანაირი ემპათია არ უჩნდება მსხვერპლის მიმართ, პირიქით, შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ მსხვერპლი დამნაშავეა. თუმცა ყველა მეცნიერული კვლევა და პრაქტიკა ადასტურებს, რომ ძალადობის მსხვერპლი არასდროს არის დამნაშავე იმაში, რომ მასზე იძალადეს”, – ამბობს მაია ცირამუა.
ფსიქოლოგი “იმედის კვირაში” გასული სიუჟეტის მთავარ გმირს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს GCRT/წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს.