ახალი ამბები

ნატოს საპ. ასამბლეის პრეზიდენტი პროპორციულის ჩაგდებასა და უგულავაზე

25 თებერვალი, 2020 • 1456
ნატოს საპ. ასამბლეის პრეზიდენტი პროპორციულის ჩაგდებასა და უგულავაზე

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მესტერჰაზი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც წუხილს გამოთქვამს 2020 წლისთვის პროპორციული არჩევნების ჩაგდების შესახებ და გიგი უგულავას ხელახალ დაპატიმრებას ეხმაურება.

„ნეტგაზეთი“ 25 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებას გთავაზობთ:

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისაკენ და მხარს უჭერს მას ამ გზაზე, კერძოდ, მჭიდრო დიალოგისა და საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის გზით.

ამავე დროს, გავიხსენებ, რომ ნატო დაფუძნებულია დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე. ამ პრინციპებისადმი პატივისცემა, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა წარმოადგენს ნატოში გაწევრების პროცესის განუყოფელ ნაწილს.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები არის შესაძლებლობა, საქართველომ აჩვენოს ამ ფასეულობების ერთგულება. ვწუხვარ, რომ დაპირება 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გასული წლის ნოემბერში ჩავარდა. ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ოპოზიციის ლიდერ გიგი უგულავას საქმეზე კიდევ უფრო მეტ კითხვასა და შეშფოთებას იწვევს. ვშიშობ, რომ განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

ამრიგად, ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლებისთვის, რათა აღადგინოს ნდობა ქართველ ხალხში და გასცეს გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ასამბლეამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. მოუთმენლად ველოდები ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განხილვას საქართველო-ნატოს საპარლამენტო საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი