ახალი ამბები

GPB ლავროვთან ინტერვიუს მცდელობის ვიდეოს ავრცელებს

25 თებერვალი, 2020 • 1781
GPB ლავროვთან ინტერვიუს მცდელობის ვიდეოს ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველ ჟურნალისტებს რუსულ დელეგაციაზე „თავდასხმაში“ ადანაშაულებს.

ზახაროვა ასე ეხმაურება ჟენევაში ქართველი ჟურნალისტების მცდელობას, სერგეი ლავროვისთვის კითხვა დაესვათ, რა დროსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მათ „ავადმყოფები“ უწოდა.

ზახაროვას სრული პოსტი:

“ქართველი ჟურნალისტები (ეს კი უკვე მიმია) ჟენევაში, გაეროს განყოფილებაში, თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას. სიარული შეუძლებელი იყო. მინისტრთან [სერგეი ლავროვთან] მისასვლელად] ყვიროდნენ, წიხლებს ირტყმევინებოდნენ, გვაწვებოდნენ. გვიწევდა გაგვეწია ყველანაირი ღირსებადაკარგული ქალები, რათა წინ გავსულიყავით.

და იცით, რა სჭირდებოდათ? დაუჯერებელია! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე რაღაც გონების დაბინდებაა, ასეთ დამოკიდებულებაში ჩაიგდო თავი სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლით ან არჩასვლით. საცოდავი სანახაობაა.

მე და კოლეგას „მოგვხვდა“, მაგრამ შეფი არ დაშავდა ))))))

თუმცა, ყველაზე საჩვენებელი ისაა, რომ ლავროვს კითხვებს რუსულად უსვამდნენ და ინგლისურად ყვიროდნენ „don’t touch me“ [ქართ. – არ შემეხო]. სტილი „მიწაზე დაცემული სააკაშვილი რუსული ავიაციის ცეცხლის ქვეშ“.

მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ანა ბროლაძე და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკითხებიან, აპირებს თუ არა თბილისში მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე ჩამოსვლას. სერგეი ლავროვი არ ჩერდება და ჟურნალისტებიც მისდევენ მას კომენტარის ჩასაწერად, რაშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაცვა და პრესსამსახურის წარმომადგენლები ხელს უშლიან. ლავროვი კი მათ ავადმყოფებს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი