ახალი ამბები

გამოძიება ცხოველთა წამების მუხლით მიმდინარეობს

25 თებერვალი, 2020 • 1655
გამოძიება ცხოველთა წამების მუხლით მიმდინარეობს

საპატრულო პოლიციამ და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანში, ერთ-ერთი კორპუსის დაკეტილი ბინიდან 14 ძაღლი და 4 ლეკვი გამოიყვანეს.

ინფორმაცია ამის თაობაზე თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. არხის სიუჟეტში მეზობლები, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს, ამბობენ, რომ ცხოველები მეპატრონის მხრიდან ცუდი მოქცევის მსხვერპლნი არიან.

მთავარი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.

რა სასჯელია გათვალისწინებული ამ მუხლისთვის - დააკლიკეთ

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა – ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, −ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით;

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

რა მდგომარეობაში არიან ამჟამად ცხოველები?

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ამბობენ, რომ მათ ეკიპაჟს ცხოველები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში დახვდათ. კარი დაკეტილი იყო და ბინაში შეღწევა პოლიციის დახმარებით მოახერხეს.

“ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ გლდანში, კორპუსის ბინაში იყვნენ ჩაკეტილი ცხოველები. ეკიპაჟმა მოახდინა რეაგირება, ბინა იყო დაკეტილი, პატრულის და კრიმინალური პოლიციის დახმარებით შევიდნენ. ადგილზე სიტუაცია დახვდათ საკმაოდ რთული, 14 ძაღლი და 4 ლეკვი იყო კორპუსის ბინაში საკმაოდ ვიწრო ადგილას. არ ჰქონდათ საკვები. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ხნის ნაშიმშილები იყვნენ, იმიტომ, რომ არიან ძალიან გამხდრები. ყველა ცხოველი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც სისხლის ანალიზებს უღებენ. ცხოველებმა საჭმელი და წყალი მიიღეს და ვვარაუდობთ, რომ  ცუდი შედეგი არ უნდა დაგვიდგეს არცერთი მიმართულებით. ტესტებიც ჩაუტარდებათ სხვადასხვა დაავადებაზე”, – უთხრეს ნეტგაზეთს მონიტორინგის სამსახურში. ეკიპაჟის მონათხრობის მიხედვით, ცხოველები შიმშილის გამო საკუთარ განავალს ჭამდნენ.

მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 14 ძაღლიდან 8-ს პატრონი ჰყავს რეგისტრირებული, მეპატრონეები ერთი და იგივე ადამიანები არიან, თუმცა ბინაში პოლიციის მისვლისას არავინ იმყოფებოდა. მონიტორინგის სამსახურში ვარაუდობენ, რომ ბინა დიდი ხნის დაკეტილია.

მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ იმ ძაღლებს, რომლებსაც პატრონი არ უფიქსირდებათ, გააჩუქებენ ან ბუნებრივ არეალში დააბრუნებენ. რაც შეეხება დანარჩენებს, ამაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, თუ დაწყებული გამოძიება სასამართლომდე მივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი