საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 890.5 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-დან 50 წლამდე მოგზაურების მიერ.
890,5 ათასი განხორციელებული მოგზაურობიდან უმრავლესობა, 628,6 ათასი იყო ვიზიტი, ანუ ერთ წელზე ნაკლები დროით გასვლა.
628,6 ათასი ვიზიტიდან, საქსტატის ინფორმაციით, 54,7% იყო ტურისტული ვიზიტი (რომლის დროსაც ვიზიტორი ღამეს ათენებს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე), ხოლო დანარჩენი – ექსკურსიული ვიზიტი (რომლის დროსაც ვიზიტორი არ ათენებს ღამეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე).
ვიზიტორების უმრავლესობა – 58,1% კაცი იყო, ხოლო 41,9% – ქალი.
ვიზიტის ყველაზე ხშირი მიზეზი, საქსტატის ცნობით, მეგობრების ან ნათესავების მონახულება იყო, ყველაზე ხშირი მიმართულებები კი – თურქეთი, აზერბაიჯანი, ევროკავშირის ქვეყნები, სომხეთი და რუსეთი.
გარდა ამისა, განხორციელებული ვიზიტების 95,5% განმეორებითი იყო.
2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804.0 ლარს უდრიდა.