ახალი ამბები

UK-ში 12 წლამდე ფეხბურთელებს თავით თამაში აეკრძალათ

24 თებერვალი, 2020 • 1626
UK-ში 12 წლამდე ფეხბურთელებს თავით თამაში აეკრძალათ

ინგლისის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციების გადაწყვეტილებით, 12 წლამდე ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთით არიან დაკავებული, თავით თამაში აეკრძალებათ. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილებების მიზეზი კვლევის შედეგია, რომლის მიხედვითაც ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის ტვინის ტრავმით გარდაცვალების ალბათობა სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე მათთვის, ვინც ფეხბურთს არ თამაშობდა.

თავით თამაშის ახალი წესების თანახმად, რომელიც უეფა-ს სამედიცინო კომიტეტთან ერთადაა შემუშავებული, 6-დან 11 წლამდე ბავშვებს აღარ ექნებათ უფლება, ვარჯიშზე თავით ითამაშონ. 12-დან 16 წლამდე ფეხბურთელებისთვის კი შეზღუდვები დაწესდება. თუმცა, აკრძალვა თუ შეზღუდვა შეეხება მხოლოდ ვარჯიშებს – თამაშებზე თავით თამაში კვლავ ნებადართული იქნება.

გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის ტვინის ტრავმის დაავადების რისკი 3,5-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ადამიანისთვის, ხუთჯერ – ალცჰეიმერით, ორჯერ – პარკინსონის დაავადებით.


გარეკანის ფოტო: Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი