ახალი ამბები

რატომ არ უნდა ვუწოდოთ კორონავირუსს “მკვლელი ვირუსი” – ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი, 2020 • 3705
რატომ არ უნდა ვუწოდოთ კორონავირუსს “მკვლელი ვირუსი” – ამირან გამყრელიძე

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოს მასშტაბით მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. როგორია ახალი კორონავირუსით დაავადების, სიკვდილიანობისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა?

დეტალური სტატისტიკა

2020 წლის 24 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსით:

  • მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულია 79 000-ზე მეტი (77 150 – ჩინეთში);
  • გარდაცვლილია 2620 ადამიანი (27 – ჩინეთის გარეთ);
  • გამოჯანმრთელდა 25 000-ზე მეტი (195 – დაავადდა ხელმეორედ);

ამგვარად, ჩინეთში ამ დროისთვის სიკვდილიანობა შეადგენს 3,3%-ს. გამოჯანმრთელების პროცენტი შეადგენს 31,6%-ს, დანარჩენი პაციენტები მკურნლობას აგრძელებენ.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ (WHO) მიერ საგანგებო სიტუაციად (და არამარტო ) გამოცხადებული სხვა ინფექციების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებლები შეადგენდა:

  • SARS – 8089 შემთხვევა, 774 გარდაცვალება (სიკვდილიანობა – 9,6%);
  • ებოლა – სიკვდილიანობა შეადგენს 25-90%, WHO-ის ინფორმაციით;
  • ზიკას ვირუსი – სხვადასხვა მონაცემებით, 8,3-95%;
  • 2009 წლის ე.წ. ღორის გრიპი – 0.001–0.007%;
  • პოლიო – 5-10%, WHO-ის ინფორმაციით.
  • მერსი – 34.4 – 37.1%, WHO-ს ინფორმაციით

24 თებერვლის ბრიფინგზე კორონავირუსის და სხვა დაავადების სიკვდილიანობის მაჩვენებლები ერთმანეთს შეადარა ამირან გამყრელიძემაც, დაავადება კონტროლის და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, და მოუწოდა მედიას, კორონავირუსს „სასიკვდილო ვირუსი“ და „მკვლელი ვირუსი“ არ უწოდოს:

„მინდა ძალიან გთხოვოთ პრესას და მედიას. ხშირად გაისმის მედიასაშუალებებით ეს სასიკვდილო ვირუსი, ეს მკვლელი ვირუსი და ასე და ასე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ პერიოდში, როცა ეპიდემიები არის, საზოგადოებასთან კომუნიკაციას და რაც შეიძლება სწორი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისადმი. შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ პუბლიკაციაში – სამწუხაროდ, ამ ვირუსით გარდაიცვალა 2500-მდე ადამიანი მსოფლიოში და სიკვდილიანობის პროცენტი ჩინეთში გახლავთ 2,3%. სხვა ქვეყნებში, ჩინეთის გარეთ, სიკვდილიანობის პროცენტი 0,5-0,6 პროცენტს არ აღემატება. რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ როდესაც სიკვდილიანობას ვადარებთ, ყოველთვის ვადარებთ სხვა ინფექციებს, ამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობა ბევრად დაბალია ჯერადობით, ვიდრე ეს იყო SARS-ის ინფექციის დროს, რომლის დროსაც გვქონდა 9-10%. ბევრად დაბალია, ვიდრე მერსის კორონავირუსის დროს, როცა იყო 35%, ბევრად დაბალია, ვიდრე იყო ებოლას და სხვა ინფექციების დროს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუ ვიხმართ ამ სიტყვას“.

აგრეთვე, გამყრელიძის თქმით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის მიერ გაანალიზებული 72 000 შემთხვევიდან 82% მიმდინარეობს მსუბუქად, ,დაახლოებით 14%-ში გვაქვს მწვავე შემთხვევა, რაც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, დაახლოებით 5%-ში – კრიტიკული შემთხვევა, რაც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას, ხოლო შემთხვევების უმრავლესობაში საბოლოო შედეგი სრული გამოჯანმრთელებაა.

არსებობს თუ არა ვაქცინა ან წამალი?

ჯერჯერობით, არ არსებობს ვაქცინა თუ წამალი, რომელსაც ჩინეთი, WHO თუ სხვა ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს. თუმცა მიმდინარეობს  ტესტირება.

ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბევრმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საბჭოთა დროს შემუშავებული წამალი „არბიდოლი“ ჩინეთმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების სიაში შეიტანა. ეს მთლად ასე არაა – ჩინეთმა „არბიდოლი“ მხოლოდ პოტენციურად ეფექტურ წამლად აღიარა.

ვაქცინის შემუშავებით ამჟამად სხვადასხვა მხარეები არიან დაკავებული, თუმცა, როდის მოხდება მათი ტესტირება და რამდენად გამოსადეგი იქნება, უცნობია.

რა სიტუაციაა საქართველოში და როგორია გეგმა?

საქართველოში, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების ეჭვით 24 პირი იქნა ჰოსპიტალიზებული, მაგრამ არცერთ მათგანს ინფექციის ქონა არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება საქართველოს გეგმას, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, “ამ ეტაპზე 4 ინფექციური საავადმყოფოა გამოყოფილი – თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის, მაგრამ არსებობს გეგმა ბ და კიდევ მესამე გეგმაც იმ შემთხვევაში, თუ იქნება დიდი დატვირთვა, რომელი საავადმყოფოები იქნება გამოყოფილი კორონავირუსის სამკურნალოდ. ზოგადად, როცა ეპიდაფეთქება დაიწყო ჩინეთში, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გაიგზავნა  ცირკულარები, ე.წ. რესპირატორული ინფექციებისადმი მზადყოფნის შესახებ, ანუ მეტი ყურადღება რომ იყოს რესპირატორული სიმპტომებით მოხვედრილ პაციენტებზე”.

ამჟამად, მისი თქმით, საქართველოში 144 ბოქსირებული პალატაა. გარდა ამისა, საქართველომ დროებით შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა ირანთან, რომელშიც, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ინფიცირებულია 66 ადამიანი, გარდაცვლილი კი -12. ირანიდან ჩამოსული მოქალაქეები გაივლიან იმავე ზომებს, რასაც ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები. გამყრელიძის თქმით, განიხილება საჰაერო მიმოსვლის შეჩერება იტალიასთანაც, სადაც კორონავირუსით უკვე 150-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, 3 კი გარდაცვლილია. ფრენები შეჩერებულია ჩინეთთან.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი