ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

DRI: შესაძლოა პერევთან არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტიც დაიკეტოს

24 თებერვალი, 2020 • 1627
DRI: შესაძლოა პერევთან არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტიც დაიკეტოს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა  შესაძლოა სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ – რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს.

დღეს პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ.

“უცნობია, რას უკავშირდება ეს სიახლე, თუმცა, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ახალგორის დროებით დატოვება გადაიფიქრა,იმის შიშით, რომ  ერთადერთი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სახლებში ვეღარ დაბრუნდებიან”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

2019 წლის 4 სექტემბერს ცხინვალმა ახალგორის რაიონთან არსებული მოსაბრუნის (რაზდახანი) საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა. თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა დროული სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების გარეშე დარჩა. რაზდახანის ჩაკეტვას ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა. მოსახლეობა იძულებული გახდა, დროებით გაეწყვიტა კავშირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ ოჯახის წევრებთან.

მიმდინარე წლის 24 იანვარს ე.წ. საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ იმ პენსიონერებს მისცეს, რომლებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და იღებენ საქართველოს მოქალაქის პენსიას. გადმოსვლის უფლება მისცეს ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობის მქონე მოქალაქეებსაც. დე ფაქტო მთავრობამ კი გაავრცელა განცხადება, რომ მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტი მომავალში ორ თვეში ერთხელ გაიხსნება და ისიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პენსიის მქონე პენსიონერებისთვის.

ახალგორის იზოლაციის დაწყებიდან დღემდე, ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთ შვებას სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული  საკონტროლ-გამშვები პუნქტი წარმოადგენდა. გზის ჩაკეტვის შემდეგ პერევის (სინაგურის) გამშვები პუნქტით გადმოსვლა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელებისთვის შეძლეს. ასევე გადმოვიდნენ პაციენტები. აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლეს ადამიანებმა, რომელთაც ახლობლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავთ.

“მიუხედავად იმისა, რომ ახალგორიდან სინაგურამდე გზა არც ისე უსაფრთხოა და ფინანსური თვალსაზრისით ყველასთვის ხელმისაწვდომიც არაა –  მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გამშვები პუნქტის კვეთის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნულ გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით  მიიღო”.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ პერევის (სინაგურის) გამშვები პუნქტის ჩაკეტვა მკვეთრად გააუარესებს აქ მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკიდურესად რთულ მდგომარეობას.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, საერთაშორისო-სამშვიდობო მიმართულებით არსებული ფორმატების ჩათვლით, და უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი