ახალი ამბები

“ნაცები აწერენ ხელს” – კალაძე პეტიციაზე

24 თებერვალი, 2020 • 1759
“ნაცები აწერენ ხელს” – კალაძე პეტიციაზე

“ამ წერილს აწერენ ხელს ნაცები”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე პეტიციას:”ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს”, რომელიც Change.org-ზეა გამოქვეყნებული.

“ნაცები აწერენ ხელს”, – თქვა კალაძემ და აღარ უპასუხა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს, რომ წერილს ხელს სამოქალაქო საზოგადოების წევრები აწერენ.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი “დემოკრატიის დასაცავად” დემოკრატიულ სამყაროს პეტიციით მიმართავს, სადაც „ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად“ დახმარებას სთხოვს. პეტიცია საჯარო პლატფორმა change.org-ზეა ატვირთული და მასზე ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მიმართვის ავტორი “თავისუფლების ინსტიტუტია”.

როგორც წერილში წერია, „არაერთი დაბრკოლებისა და შეცდომის მიუხედავად, ასევე, სკეპტიკოსთა გასაკვირად, ჩვენი ქვეყანა წარმატებული რეფორმების მაგალითად იქცა“, „მაგრამ დღეს ყველა ეს მიღწევა აშკარა და მზარდი საფრთხის ქვეშ დგას – ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება“.

წერილში აგრეთვე ნათქვამია, რომ „საქართველოს არაფორმალური მმართველი, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს და ასეც მართავს – მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში“.

„მოგმართავთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე – შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში“, – ნათქვამია წერილში.

პეტიციას ამ დროისთვის 1967 ადამიანი უერთდება. ხელმომწერთა ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი