ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კრისტალ ქრაფტი“ 5000 ლარით დააჯარიმა

23 ივლისი, 2015 •
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კრისტალ ქრაფტი“ 5000 ლარით დააჯარიმა

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულმა ბიზნესოპერატორმა ბაზარზე ეტიკეტირების წესის დარღვევით განათავსა ირანული წარმოშობის გენმოდიფიცირებული ტექსტურირებული სოიოს ფარში, რომელიც სარეალიზაციოდ გატანილი იყო გორის ქუჩაზე მდებარე შპს „განთიადის“ საბითუმო სავაჭრო ობიექტში.

 

სააგენტოს წარმომადგენლებმა სწორედ ამ ობიექტიდან აიღეს ნიმუშები და კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს, აცხადებს სააგენტო.

ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ირანული წარმოშობის ტექსტურირებული სოიოს ფარში გენმოდიფიცირებულია, რაც ეტიკეტზე არ არის ასახული.

სააგენტომ საქართველოს კანონის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ მიხედვით, შპს „კრისტალ ქრაფტს“ დაევალა ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის 10 000 ლარით დაჯარიმდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში დატანილი უნდა იყოს აბრევიატურა „გმ”. კანონის მიხედვით, ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. ეტიკეტირების წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება და ბიზნესოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი