ახალი ამბები

კალაძე: თუ ტარიფი შეიცვლება, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ ბიუჯეტი არ დავაზიანოთ

22 ივლისი, 2015 • 1216
კალაძე: თუ ტარიფი შეიცვლება, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ ბიუჯეტი არ დავაზიანოთ

ვიცე-პრემიერის თქმით, მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტის მიმართ და მათ შორის საქართველოშიც, უარყოფითი შედეგი მოიტანა ქვეყნის ენერგოსექტორში და ბევრ კომპანიას მიაყენა ძალიან დიდი დარტყმა. მისი თქმით, სამომხმარებლო ტარიფზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა რამდენიმე კომპანიას უკვე აქვს განაცხადი გაკეთებული.

 

”დღეს იყო მარეგულირებელი კომისიის სხდომა, სადაც განიხილა თბოსადგურების ტერიფები. ჩვენ ვიცით, რომ ამაზე მუშაობა უკვე დიდი ხანია დაწყებულია. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ არსებული სიტუაცია – მსოფლიოში დოლარის გამყარება ყველა ვალუტასთან მიმართებაში და საქართველოშიც, რა თქმა უნდა, აისახა ენერგოკომპანიებზე და ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ყველა იმ კომპანიას, რომელიც ენერგოსექტორში მოღვაწეობს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. თბოელექტროსადგურები ძირითადად ბუნებრივ აირს ყიდულობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ეს არის რუსეთი და აზერბაიჯანი, სადაც ანგარიშსწორება ხდება დოლარში, ხოლო მოსახლეობაზე ხდება თეთრებში და ლარებში ბუნებრივი აირის გაყიდვა. რაც შეეხება ზოგადად სამომხმარებლო ტარიფს, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ განაცხადი ამ მიმართულებითაც გაკეთებული აქვს ”ენერგოპროჯორჯიას”, ”თელასს” და კახეთის სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც გაკოტრების რეჟიმში იმყოფება. ხვალ იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და, შესაბამისად, ამის შემდეგ, უფრო სწორი იქნება რაიმე კონკრეტული განცხადებების გაკეთება,” – ამბობს კახა კალაძე.

 

როგორც კალაძემ ”იმედთან” საუბრისას განაცხადა, თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ გარდაუვალი არის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება, ამ შემთხვევაში, მთავრობა იმსჯელებს სუბსიდირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პროცესი და ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ამ მიმართულებით მუშაობა: ”არც საქართველოა გამონაკლისი. მაგალითად, ჩვენ გაზის მიმართულებით დღესაც ვახორციელებთ სუბსიდირებას.”

 

კალაძის თქმით, მთლიანად სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირება ძალიან მძიმეა ბიუჯეტისთვის, განსაკუთრებით – გრძელვადიან პერსპექტივაში:

 

”იმ შმეთხვევაში, თუ ტარიფის კორექტირება მოხდება, ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ ბიუჯეტი არ დავაზიანოთ. ბიუჯეტის დაზიანება ისევ პირდაპირ ჩვენს მოსახლეობაზე აისახება – ქვეყნის განვითარებაზე და წინსვლაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება. მე შემთხვევით არ მითქვამს ის, რომ დოლარის გამყარებამ ლართან მიმართებაში სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგოკომპანიებს. მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მარეგულირებელი კომისია უკვე დიდი ხანია მუშაობს ამასთან დაკავშირებით და ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დარწმუნებული ვარ, სადაც იქნება დაცული ენერგეტიკული კომპანიების ინტერესები და შესაბამისად მოსახლეობის ინტერესი.”


დღეს სემეკმა სამ კომპანიას ელექტროწარმოების ტარიფი გაუძვირა. კომისია ხვალ იმსჯელებს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების თაობაზე. მოქალაქეების ჯგუფმა დღეს, 22 ივლისს, 11:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან აქცია გამართა. ისინი მოითხოვენ, რომ სემეკმა ელექტროენერგიის და წყლის ტარიფს არ გადახედოს.

კახა კალაძე. ფოტო - კახა კალაძის Facebook გვერდიდან
კახა კალაძე. ფოტო – კახა კალაძის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი