ახალი ამბები

დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტში ანტიკორუფციული მექანიზმის შექმნას ითხოვენ

20 თებერვალი, 2020 • 930
დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტში ანტიკორუფციული მექანიზმის შექმნას ითხოვენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ  და გედევან ფოფხაძემ,  წარმოადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ამ ცვლილებით ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას დროებითი ანტიკორუფციული კომისია პარლამენტში, ეს გაფორმდეს რეგლამენტით და ის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს  კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვინაიდან არ გაგვაჩნია საპარლამენტო კონტროლი ამ სფეროში, იყოს დაძლეული და გადაიდგას პირველი პოლიტიკური ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის ცნობით,

მისივე თქმით, ამას სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სტრუქტურის შექმნა.

დეპუტატის განცხადებით, ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნა უნდა გახდეს გარკვეული პოლიტიკური  კონსენსუსის ნაწილი პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც „ხედავს, რომ იცვლება ხელისუფლებები, მთავრობები, მაგრამ უცვლელი რჩება პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ხალხისადმი, ისინი ხალხს უყურებენ როგორც წინასაარჩევნო რესურსს, შემდეგ კი კორუფციული სქემები გარდამავალი დროშასავით გადადის ერთი მთავრობიდან მეორის ხელში“. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, კორუფციის წინააღმდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლონ, ვისაც „კარგად აქვს გათავისებული  და გააზრებული, თუ რამდენად საზიანოა  ჩინოვნიკების მხრიდან სახელმწიფო რესურსის თავისი, კერძო ინტერესებისათვის გამოყენება“.

ლევან გოგიჩაიშვილი: „ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აუცილებლად მედიის დღის წესრიგში, პოლიტიკურ დღის წესრიგში, იმიტომ, რომ კორუფცია ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება სახელმწიფოს დაემართოს მისი დასუსტების თუ ადამიანების გაღარიბების შედეგით“.

მისივე თქმით, ფრაქციაში მიაჩნიათ, რომ არასათანადოდ მიმდინარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უწყებების  მხრიდან, ხოლო პარლამენტი  ვერ გახდა ეფექტური მაკონტროლებელი ორგანო კორუფციასთან ორგანიზებული ბრძოლის წინააღმდეგ.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „პარლამენტმა უნდა აიღოს მნიშვნელოვანი ფუნქცია კორუფციასთან ბრძოლის, ჩვენ პარლამენტს შევთავაზებთ ასევე სტრატეგიას, რომელიც ამ მოკლე პერიოდისთვის იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ციკლი ჩვენ გამოვიყენოთ ეფექტურად კორუფციასთან ბრძოლისთვის“.

„ფრაქციის სახელით მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველა იმ დიდ გამოწვევას, რაც გვაქვს ქვეყანაში, რასაც ჰქვია უმუშევრობა, ახალი სამუშაო ადგილების არშექმნა,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური ზრდა – ამ ყველაფერს აქვს ერთი გამოწვევა –  ეს არის ქვეყანაში არსებული კორუფცია და კორუფციული სისტემები“, – განაცხადა თავის მხრივ ლევან კობერიძემ.

„მე მინდა მივმართო თხოვნით საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში გაძლიერდეს და შეიქმნას რეალური ანტიკორუფციული მექანიზმი იმისათვის, რომ იყოს უფრო მეტად ეფექტიანი ბრძოლა, კიდევ  უფრო მეტად გააძლიერონ თავიანთი მხარდაჭერა  ამ მიმართულებით, დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას მხარი, რადგან ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ჩამოვთვალეთ და კიდევ ვაპირებთ ჩამოვთვალოთ, სააშკარაოზე გამოვიტანოთ კონკრეტული თემები. სახეზე გვაქვს ელიტარული, მათ შორის, ასევე პოლიტიკური კორუფციაც. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია უფრო და უფრო ძლიერდება. ამიტომ ჩვენ, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ თავს ვალდებულად ვთვლით, შევიტანოთ ეს ინიციატივა, რომელიც შეეხება იმას, რომ პარლამენტში, საჯარო სივრცეში დღის სინათლეზე გამოვიდეს ყველა ასეთი ფაქტი და პარლამენტი, არა მხოლოდ მეცხრე მოწვევის, არამედ შემდეგი მოწვევის პარლამენტი, რეალურად გახდეს ის სტრუქტურა, რომელსაც ექნება რეალური ბერკეტი ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს დეპუტატების უმრავლესობა პარტიული კუთვნილების მიუხედავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი