ახალი ამბები

მოქალაქეები “დემოკრატიის დასაცავად” დემოკრატიულ სამყაროს მიმართავენ

20 თებერვალი, 2020 • 1014
მოქალაქეები “დემოკრატიის დასაცავად” დემოკრატიულ სამყაროს მიმართავენ

საქართველოის მოქალაქეები “დემოკრატიის დასაცავად” დემოკრატიულ სამყაროს პეტიციით მიმართავს, სადაც „ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად“ დახმარებას სთხოვს. პეტიცია საჯარო პლატფორმა change.org-ზეა ატვირთული და მასზე ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მიმართვის ავტორი “თავისუფლების ინსტიტუტია”.

როგორც წერილში წერია, „არაერთი დაბრკოლებისა და შეცდომის მიუხედავად, ასევე, სკეპტიკოსთა გასაკვირად, ჩვენი ქვეყანა წარმატებული რეფორმების მაგალითად იქცა“, „მაგრამ დღეს ყველა ეს მიღწევა აშკარა და მზარდი საფრთხის ქვეშ დგას – ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება“.

წერილში აგრეთვე ნათქვამია, რომ „საქართველოს არაფორმალური მმართველი, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს და ასეც მართავს – მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში“.

„მოგმართავთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე – შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში“, – ნათქვამია წერილში.


წერილის სრული ტექსტი:

ქართველი ხალხის წერილი დემოკრატიულ სამყაროს

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ დახმარებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად. 

საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე. არაერთი დაბრკოლებისა და შეცდომის მიუხედავად, ასევე სკეპტიკოსთა გასაკვირად, ჩვენი ქვეყანა წარმატებული რეფორმების მაგალითად იქცა. ქართველი ხალხის მტკიცე ნებითა და დასავლეთის მხარდაჭერით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის ლიდერი გახდა.

მაგრამ დღეს ყველა ეს მიღწევა აშკარა და მზარდი საფრთხის ქვეშ დგას – ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება. 

საქართველოს არაფორმალური მმართველი, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს და ასეც მართავს – მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში. ის არ იკავებს სახელმწიფო თანამდებობას, შესაბამისად, არც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე. ოლიგარქი სრულად აკონტროლებს ძალაუფლების სამივე შტოს, იყენებს სასამართლოს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, კრიტიკის ჩასახშობად, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დასაპატიმრებლად. პროდასავლელი ოპონენტების დემონიზების მიზნით, ის აფინანსებს და აორგანიზებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიებს. არაფორმალური მმართველის გაუწონასწორებელი და შეუკავებელი ძალაუფლება თესავს შუღლს და ძალადობას საქართველოში, რითაც მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი – რუსეთი ხეირობს.  

ივანიშვილის მიერ ძალაუფლების თავხედურად მიტაცების მიმართ საზოგადოება უარყოფითად განეწყო. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის რეფორმას. მათ კარგად ესმით, რომ პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა აუცილებელია, რათა შეჩერდეს სახელმწიფოს მიტაცებისა და ერთპიროვნული მმართველობის პრაქტიკა, ასე დამახასიათებელი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ბოლო წლებისთვის.

2019 წლის ივნისში სახალხო პროტესტის მიერ გამოწვეული პოლიტიკური რყევებით შეშფოთებული ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საარჩევნო სისტემის რეფორმირების საჯარო პირობა დაედო. თუმცა ოთხი თვის შემდეგ ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივით შეშინებულმა ოლიგარქმა გატეხა სიტყვა და ჩააგდო კანონპროექტი. მეტიც, მოგვიანებით ივანიშვილმა ჩაშალა ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკების პროცესი, როცა დააპატიმრა ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი და ამით ნათელი გახადა, რომ დიალოგი არ აინტერესებს.

საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს – რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას გავლენა აქვს გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. ძლიერი და დემოკრატიული საქართველო იქნება მნიშვნელოვანი მაგალითი მსოფლიოსთვის. მისი მარცხი კი გააძლიერებს რუსეთის პოზიციას ევროატლანტიკური წესრიგის წინააღმდეგ. 

ჩვენი ურყევი მიზანია ქართული დემოკრატიის გაძლიერება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება დასავლეთის მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა.  

მოგმართავთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე – შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში. 

პატივისცემით,

მასალების გადაბეჭდვის წესი